სახელმწიფოს კუთვნილი 500 000 ლარის მითვისებისთვის 4 პირი პასუხისგებაში მიეცა - მათგან 1 დაკავებულია

დაკავება

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, გულგრილობისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა, რომელთაგან ერთი მეწარმე სუბიექტი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“-სა და კახეთის რეგიონში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კოოპერატივს შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა კოოპერატივის მიერ ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარის შეძენას, რისთვისაც მას გადაეცა თანხა 500 000 ლარის ოდენობით.

"ბრალდებულმა - კოოპერატივის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სხვა კომპანიის ხელმძღვანელების გულგრილობის შედეგად, გამოიყენა აღნიშნული კომპანიის სახელი და გააყალბა ინვენტარის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მეშვეობით, მოიპოვა ყალბი დასკვნა ინვენტარის თითქოსდა ობიექტზე განთავსების თაობაზე.

შემდგომ, ბრალდებულმა აღნიშნული ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინა სოფლის განვითარების სააგენტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, რა გზითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ გაცემულ თანადაფინანსების თანხას - 500 000 ლარს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე, 220(პრიმა) და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მეტის ნახვა