საჯარო მოხელეები, რომლებსაც TV25-ის რეპორტაჟების შემდეგ თანამდებობები დაატოვებინეს

კორუფცია, ნეპოტიზმი და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - TV25-მა მსგავს ფაქტებზე არაერთი საჯარო მოხელე ამხილა, რომლებსაც დაშვებული გადაცდომები ძვირად დაუჯდათ. ჩვენი ექსკლუზიური მასალების შემდეგ, დასაქმებულები კომფორტულ სავარძელს დაემშვიდობნენ და სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მათ ნაწილს კი დღეს, კიდევ ერთხელ გიჩვენებთ და შეგახსენებთ, რაში ვუხდიდით ფულს მმართველი გუნდის წევრებს. TV25-ის არქივს თვალი ნინია მესხიძემ გადაავლო.

TV25-ის ერთ-ერთი ბოლო მასალა, რის გამოც საჯარო მოხელეს თანამდებობა დაატოვებინეს, ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციამ, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამას ის ფაქტი მოწმობდა, რომ შენობის კედელზე განთავსებულ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, აფხაზეთის დროშაც იყო მიმაგრებული. გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა, შორენა ქონიაძემ, საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინა მოსწავლეს, რომელმაც პროტესტის ნიშნად კედლიდან აფხაზეთისა და რუსეთის დროშა ჩამოხია.

მანამდე იყო რეპორტაჟი "ქართული ოცნების" კოორდინატორებზე, რომლებმაც TV25-ის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თეო ფუტკარაძეს საარჩევნო პროცესის გაშუქებისას თავს დაესხნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ბათუმის მე-12 საჯარო საბავშვო ბაღში, ძიძად მუშაობდა. ნინო ცენტერაძე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექციამ უფასო შვებულებაში გაუშვა. მოგვიანებით, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აგრესიულმა ძიძამ საზღვარი დატოვა და იტალიაში, სამუშაოდ გაემგზავრა. არადა, ნინო ცენტერაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება რამდენიმე მუხლით ჰქონდა დაწყებული. თავდაპირველად, საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის, 124-ე და 151-ე მუხლებით იძიებდნენ, რაც მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, შსს-მ გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ნაწილითაც დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ ამ საქმეზე კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს მახუნცეთის საჯარო სკოლის პედაგიც, რომელიც მოსწავლეებზე ძალადობდა. ლიანა გორგილაძემ მოზარდს თავში წიგნი ჩაარტყა.

თანამდებობა დატოვა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმაც. თემურ ხასიამ მომხდარ მიწისძვრაზე "იხუმრა" და Facebook-ზე დაწერა, რომ კიდევ ერთი ბიძგი ბათუმში, ავარიული სახლების პრობლემას მოაგვარებდა. ხასიამ პოსტი მალევე წაშალა, თუმცა TV25-მა იგი "სქრინის" სახით შეინახა და გაასაჯაროვა.

ჩვენი ექსკლუზიური მასალის შედეგად, თანამდებობა დაატოვებინეს ხელვაჩაურის ადმინისტრაციის უფროსსაც. მირზა ბახტაძე, ცოლმა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

TV25-ის სიუჟეტის შემდეგ, ორი თანამშრომელი გაუშვეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან - დირექტორი და საფინანსო სამსახურის უფროსი. ინგა გოგიბერიძესა და ნათელა ცინცაძეს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი კორუფციაში ადანაშაულებდა. დასაქმებულთა თქმით, ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ხელშეკრულებებს ნათესავებთან აფორმებდა. საქმეში ნათელა ცინცაძეც ფიგურირებდა.

ჩვენივე რეპორტაჟი გახდა საფუძველი იმისა, რომ სამსახური დაატოვებინეს აჭარის მუზეუმის დირექტორს. სულხან ოქროპირიძემ სახელმწიფო ბიუჯეტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. მან დისტანციური მუშაობის დროს, 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა. არადა, ოქროპირიძე სამსახურში პანდემიის გამო არ დადიოდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ასრულებდა.

 TV25-ის სიუჟეტის შემდეგ, საჯარო მოხელე გაათავისუფლეს ხულოს მერიიდან. საუბარია მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორზე, გურამ ხოზრევანიძეზე, რომელმაც შვილი იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც თავად მუშაობდა. თამილა ხოზრევანიძე ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში კონკურსის გარეშე მოხვდა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანება სკანდალში გაეხვია. ასევე, TV25-ის რეპორტაჟის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა [დაპირისპირების ვიდეო]. ეთერში მასალის გასვლიდან მალევე, მედეა მამულაძე, რომელიც თვლიდა, რომ დაწესებულებაში "კაროლივით" იჯდა და მას მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, ხულოს მერმა სამსახურიდან გაათავისუფლა. პოსტის დატოვების შემდეგ, მამულაძე TV 25 -ის ჟურნალისტს, ეკა ბარამიძესა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს, სულხან მესხიძეს მუქარის შემცვლელ შეტყობინებებს წერდა [ამონარიდები მამულაძის შეტყობინებებიდან]

ყველაზე სკანდალური და გახმაურებული ფაქტი ქობულეთში დაფიქსირდა. TV25-ის სიუჟეტის შემდეგ, თანამდებობა დაატოვებინეს მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურის უფროსს. სულიკო ბლადაძემ სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

 

აქვე გეტყვით: ჩამოთვლილი TV25-ის არქივიდან, ცხადია, ნაწილია იმ რეპორტაჟებისა, რომლებსაც TV25-ის ეთერის შემდეგ, საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება მოჰყვა.

მეტის ნახვა