მკვლელობაში ბრალდებულის მამა დააკავეს - სოფელ ლეღვაში მომხდარი საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცა. დაკავებულია კაცი, რომელიც გამოძიების ცნობით, მკვლელობის ჩამდენის მამაა. TV25.GE-ის ინფორმაციით, მან სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირებს, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა დაავალა.

შსს-ში TV25.GE-ის უთხრეს, რომ პირს თავისუფლება სსკ-ის 372 მუხლით აღუკვეთეს, რაც მოწმეზე ან გამოსაკითხ პირზე ზემოქმედებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ლეღვაში, გასულ კვირას მოხდა. სტუმრად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი სოფელ ჩეხედანას სტადიონთან დამარხეს. მოკლულის ცხედარს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც იგი ძაღლებს ამოეთხარათ.

დანაშაულის დაფარვისა და პოლიციაზე შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში 3 პირი მისცა. უწყების ცნობით, მკვლელობის ჩამდენმა ქვეყანა ამბის გახმაურებამდე დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

მეტის ნახვა