გამოავლინეს უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 132 ფაქტი

სიგარეტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აპრილში, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 12 964 კოლოფის და 21.4 კილოგრამამდე უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 132 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.

„104 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.

2 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ხოლო დანარჩენი 26 ფაქტი არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად ჩაითვალა და ამოღების ოქმები შედგა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა