აგრესია, ყვირილი, გინება, დანები, მარიხუანა - ბათუმში, ათეულობით ნიღბიანი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა | ფაქტზე პოლიცია არ რეაგირებდა

ნიღბიანები

აგრესია, ყვირილი, გინება, დანები და მარიხუანა - ბათუმში, ათეულობით ნიღბიანი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შემთხვევა 27-28 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ამის შესახებ TV25.GE-ის მოქალაქემ ანონიმურად მიმართა და ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალაც მიაწოდა.

კადრებიდან ირკვევა, რომ ნიღბიანი პირები ქუჩებში ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ, არღვევდნენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და საჯაროდ ეწეოდნენ მარიხუანას. კადრებშივე ჩანს პოლიცია, რომელიც მომხდარზე არ რეაგირებს.

მოქალაქის ინფორმაციით, შენიღბულები აზიანებდნენ სხვის კუთვნილ ავტომობილებსაც. 

"მე, ანონიმურად, მოგმართავთ თქვენ, სამართალდამცავ ორგანოებს, ჟურნალისტებსა და მედიას, რათა მოგახსენოთ, რომ 27 მაისიდან 28 მაისის პერიოდში, ქალაქ ბათუმში პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული.

ზემოთ ხსენებულ თარიღებში ბათუმის ქუჩებში 200-მდე ადამიანი ნიღბებით გამოვიდა, მათი ვინაობა დამალული იყო, რაც იდენტიფიკაცია ხელს უშლიდა. ასეთი ქმედებები უკანონოა და არღვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, კერძოდ კი იდენტიფიცირების ხელშეშლა.

ამ ჯგუფის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აგრესიული ქცევით, ყვირილით და ლანძღვა-გინებით, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს. მათ ორგანიზებულად გადაკეტეს საგზაო მოძრაობის გზები, რამაც გამოიწვია სავალი ნაწილის სრული პარალიზება. ასევე, მათ დააზიანეს სხვა ადამიანების ავტომობილები, მათზე სირბილით და სიარულით. გარდა ამისა, ჯგუფის ზოგიერთი წევრი ღიად იყენებდა და ავრცელებდა მარიხუანას, ზოგიერთი კი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, მათ შორის დანებით. ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს სხეულზე ქურდების ვარსკვლავების ტატუ აქვს გამოსახული, რაც საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.

მე გაწვდით ვიდეო მასალას, როგორც ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებას. გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება ამ ინციდენტზე და მიიღოთ ყველა საჭირო ზომა კანონის შესაბამისად", - წერს TV25.GE-ს მოქალაქე.

ჩვენ ცხადია დავუკავშირდით შსს-ს, დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მეტის ნახვა