აჭარაში, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გაიტაცეს

TV25.GE-ის ინფორმაციით, 16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით 34 წლის კაცმა ქუჩიდან გაიტაცა. შემთხვევა ორი დღის წინ, ხელვაჩაურში მოხდა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც.

ირკვევა, რომ არასრულწლოვნის დაოჯახების წინააღმდეგია ძმა. გოგოს გატაცებიდან ორი დღის შემდეგ კი, მშობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ოჯახები "მორიგდნენ და საქმე ხუთიანზეა". 

"პოლიცია და სოციალური მომსახურების სააგენტო იძიებს ამ საქმეს, უკვე ყველაფერი მოგვარდა და "ხუთიანზეა" საქმე. როცა გოგო-ბიჭს უყვართ ერთმანეთი, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით," - ამბობს მამა.

ჩვენი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ახლა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელშია. 

"პოლიციისთვის ჩვენ არ მიგვიმართავს, გოგო ყვიროდა ქუჩაში. ჩემი მეორე შვილი, (ბიჭი) წინააღმდეგი იყო არასრულწლოვნის გათხოვების. მოგვარდა უკვე საქმე, შვილმა მითხრა, რომ უყვარს ის ბიჭი და ჩვენ ხომ არ დავაშორებთ?" - გვითხრა არასრულწლოვანის დედამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

მეტის ნახვა