9 თვეში, 13 ქალის მკვლელობის და 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა - ომბუდსმენი

ძალადობა

სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.

„კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი. მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.

საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც გასულ წელს მათზე განხორციელებული თავდასხმებიც ცხადყოფს. თითქმის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები“,- განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, ომბუდსმენის შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, ხოლო ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოწვევებმა დამატებითი პრობლემები შექმნა.

„2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები. მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიღმა.

მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის. ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.

გასული წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. თითქმის ყველა შემთხვევაში, პრობლემურია მომსახურებათა გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა და სერვისებს ჰყავთ მომლოდინეთა რიგები.

2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარის/თავშესაფრის და 15 ამბულატორიის მონიტორინგი განახორციელა. წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები. დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი, არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის გატარებული საკმარისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის, ქვეყანაში არ არის საკმარისად განვითარებული თემზე დაფუძნებული საცხოვრისები. პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ და შესაბამისად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა.

ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ხანდაზმულთა მიმართ ხანგრძლივი მოვლის საკითხი, როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ოჯახში მოვლის თვალსაზრისით. არ არის განვითარებული ე.წ. “შინ მოვლის“ პროგრამები სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. სახალხო დამცველი წლებია აქტიურად ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობებში აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას. პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ხანდაზმული პირებისთვის შინ მოვლის პროგრამის განხორციელების აუცილებლობა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ეფექტიანი რეაგირების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზები ნეგატიურად აისახება პრობლემის მასშტაბებზე. ბავშვთა დაცვის სისტემის გამოწვევებს შორის კვლავ წამყვანი ადგილი უჭირავს მიზნობრივი პროგრამების გაუმართაობას, ადამიანური რესურსების სიმცირეს და პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ნაკლებობას. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა ბავშვთა სიღარიბე, ხოლო ქვეყანაში არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას და სოციალური ფუნქციის ამაღლებას.

დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე; საზოგადოება, რიგ შემთხვევაში, შემწყნარებლურია მსგავსი ფაქტების მიმართ. ასევე ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა.

2021 წელს, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ნათლად ცხადყო, რომ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში არაეფექტიანად მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით, დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების ნაწილი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახებში ან განთავსდა სახელმწიფო ზრუნვის სხვა ფორმებში, ხოლო ნაწილი კვლავ აგრძელებს დაწესებულებაში ცხოვრებას. (22 ნოემბრის მდგომარეობით, კვლავ 15 არასრულწლოვანი ცხოვრობს). მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ეძლევა დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება ბავშვებთან მოპყრობის, კვების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაწესებულება მისი ზომიდან და ინსტიტუციური მოწყობიდან გამომდინარე ვერ პასუხობს იქ მყოფ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალურ საჭიროებებს. შესაბამისად, აუცილებელია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება და იქ მყოფ არასრულწლოვანთა ბიოლოგიურ ოჯახებში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უსახლკარო პირები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი და სოციალურად გარიყული ჯგუფია საზოგადოებაში.

„საგულისხმოა, რომ უსახლკარო პირთა ბაზების ფორმირება ზოგიერთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში საერთოდ არ ხდება, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მიღებულია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, უსახლკარო პირის კანონისმიერი დეფინიციის ბუნდოვანების გამო, მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები, რაც არაერთგვაროვან მიდგომას და უსახლკარო პირთა სხვადასხვა ჯგუფის დეფინიციიდან გამორიცხვას იწვევს. 2021 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უსახლკარო პირთათვის სტატუსის მინიჭების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა“,- თქვა ლომჯარიამ.

მეტის ნახვა