ტურისტული ქალაქი ამორტიზებული და უსახური მოსაცდელებით

ტურისტული ქალაქი ამორტიზებული და უსახური მოსაცდელებით. ბათუმში მცხოვრებლები მუნიციპალურ ტრანსპორტს დისკომფორტულ გარემოში ელოდებიან. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ათეულობით ქუჩაა, სადაც მოსაცდელი სივრცეები საერთოდ არაა. ეს კი მოქალაქეებს განსაკუთრებით უამინდობისას აწუხებთ. მოსახლეობაში მერიის უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემის შესახებ კარგად იციან, თუმცა საკითხზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

ბათუმში, ავტობუსის გაჩერებების სიმცირე მარტივად შესამჩნევია. ქარში, წვიმასა თუ მცხუნვარე მზეში, რიგ ქუჩებზე, მოქალაქეები, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან. ამბობენ, რომ სურათი დისკომფორტის შემქმნელია, თუმცა, მათი პრობლემები გულთან არავის მიაქვს.

პრობლემის მასშტაბი საკმაოდ დიდია. მოქალაქეებს, გარეუბნებსა თუ ცენტრალურ ქუჩებზე,  ავტობუსის გაჩერებების არარსებობა აწუხებთ. ამბობენ, რომ ბათუმის ავტოპარკის გაახლებასთან ერთად, თვითმმართველობას, მოსაცდელი სივრცეების მოწყობაზეც უნდა ეზრუნა.

ქალაქში არსებული მოსაცდელების ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, ამორტიზებული ან უსახურია. ამის, ერთ-ერთი, თვალსაჩინო მაგალითი, ახლად რეაბილიტირებულ, ბაგრატიონის ქუჩაზე განთავსებული ავტობუსის გაჩერებაა.

მოქალაქეები წუხან იმ ფაქტზეც, რომ ავტობუსის გაჩერებებთან, ხშირად, მსუბუქ ავტობობილებს აპარკინგებენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, იძულებულნი არიან, ავტობუსი შუა ქუჩაში გააჩერონ, რაც საფრთხის შემცველია.

ავტობუსის გაჩერებების სიმცირეზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ც საუბრობს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, მერიის უპასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ არსებული რეალობის გამო, ადამიანებს დისკომფორტი ექმნებათ.

მამია ვარშანიძის ქუჩა, ჭაობის დასახლება, ჯავახიშვილის, პუშკინის, თავდადებულის, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩები - ასე უსასრულოდ გრძელდება ჩამონათვალი, სადაც ავტობუსის გაჩერებები არ არსებობს. რას აპირებს ბათუმის მერია და რა კონკრეტული გეგმა აქვს ამ მიმართულებით უწყებას? კითხვებით თვითმმართველობას მივმართეთ, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა კომენტარის გაკეთება არც ამ საკითხზე ისურვეს.

მეტის ნახვა