ცხოვრება სიცოცხლისთვის სარისკო გარემოში

კიდევ ერთი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი საცხოვრებელი ბათუმში და კიდევ ერთი მიმართვა ხელისუფლებას. დემეტრე თავდადებულის 13 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სახლებს ბზარები გაუჩნდა, რასაც მომიჯნავედ მდებარე მშენებლობას უკავშირებენ. ამას სამხარაულის დასკვით ადასტურებენ. შიშში მცხოვრები მოქალაქეების რთულ მდგომარეობაზე ახლა პასუხისმგებლობას არავინ იღებს და მოსახლეობას არ აქვს პასუხი კითხვაზე, როდის დაინტერესდება ხელისუფლება ადგილობრივთა პრობლემებით.

პრაქტიკულად შუაში გახლეჩილ სახლში ადამიანები ცხოვრობენ. მათთვის ყოველი დილა შიშით და იმაზე ფიქრით იწყება, რომ შენობა თავზე  ჩამოენგრევათ. წასასვლელი არსად აქვთ, მათ დაბინავებაზე და ქირით გაყვანაზე კი, არ ფიქრობს, ის, ვისაც სახლის დაზიანებაში წვილილი მიუძღვის და ვისთვისაც მოქალაქეები მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ამბავი ასეთია - დუმბაძის 12 ნომერში, ექვსი თვის წინ, მშენებლობა დაიწყო. მომჯინდავედ არსებული სახლი კი ისე დაზიანდა, რომ აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და მშენებელ კომპანიას შორის მოლაპარაკებები შედგა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

იმას, რომ შესაძლოა 26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია განმეორდეს და სახლი მოულოდნელად ჩამოიშალოს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ადასტურებს. ჩატარებული მოკვლევის მიხედვით დადგინდა, რომ:

ქ.ბათუმში თავდადებულის 13 ნომერში საერთო საკუთრებაში მდებარე არსებული საცხოვრებელი სახლების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა-ნაგებობაზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი დაზიანებების, საცხოვრებელი სახლების სიძველის და ამორტიზების გავალისწინებით, არსებული შენობა-ნაგებობის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანა არ არის შესაძლებელი.

შპს „ახალი ერა“-ს დირექტორი ამბობს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას არ ეთანხმება და დასკვნას მიკერძოებულად მიიჩნევს. საქმე სასამართლო დავის საგანი გახდა. კობა ფუტკარაძის თქმით, სასამართლოს  გადაწყვეტილებამდე კომპანია ოჯახებს არ დაეხმარება.

რა რეაგირებას მოახდენს ბათუმის მერია? უწყებაში გვიპასუხეს, რომ საკითხი კერძო დავაა, რაშიც ვერ ჩაერევიან. 

მეტის ნახვა