სალიბაური საუკუნის პრობლემებით - "მოუვლელი" სოფელი მაცნეს ობიექტივში

სალიბაური საუკუნის პრობლემებით - პროტესტების და მოთხოვნების შემდეგ, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, სოფელს სასმელი წყალი ისევ არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით ცხელ დღეებში მწვავდება, როცა საგანგებოდ აგებული რეზერვუარი არ ივსება და უწყლოდ რჩებიან. სალიბაურს არც საბავშვო ბაღი აქვს.

სასმელი წყლის პრობლემას, სოფელ სალიბაურში, წლებია ვაშუქებთ. მერია ყოველ ჯერზე, მხოლოდ, მისი მოგვარების პირობას დებს. ამისთვის, გასულ წლებში, მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხებიც დაიხარჯა, დაიქსელა სოფელი, რეზერვუარიც აშენდა, თუმცა, ონკანებამდე  წყალი, მაინც, ვერა და ვერ მივიდა. ამიტომაც, ნებისმიერი, ვისაც სალიბაურში არ უნდა შეხვდეთ, უპირველესად, სასმელი წლის არარსებობაზე საუბრობს. განსაკუთრებით, ჭირს ცხელ დღეებში.

ინფრასტრუქტურული პრობლემების ჩამონათვალშია საბავშვო ბაღის არარსებობა. მოსახლეობა ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულების ყოფილი შენობა თვითნებურად შესახლებულებს აქვთ დაკავებული. თავად კი, იძულებული არიან, შვილები სკოლამდელი განათლებისთვის, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბარცხანაში ატარონ. რაც, მშობლების თქმით, ცალკე სირთულეა,  რადგან, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, ბავშვები, ქალაქში იყვნენ რეგისტრირებულნი.

პრობლემების ჩამონათვალშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სოფლიდან  გასვლა სურთ, აუცილებლად, მიკროავტობუსების განრიგს უნდა მოერგონ, რომელიც, სოფელში, დღეში, სულ რამდენჯერმე ადის. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის აზრი მაინც ორადაა გაყოფილი.

სოფელ სალიბაურში, ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც მიწა საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ 2004 წელს დაწყებული პროცესები დღემდე დაუსრულებელია და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ, ამაოდ დახარჯული ფული შერჩათ.

გზა მოასფალტებულია, თუმცა, არაა მოწყობილი სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობა, არხს საკუთარი ძალებით, პერიოდულად ჭრის. სოფელში, დღემდე, არ მოწყობილა საკანალიზაციო სისტემა და ოჯახები, ისევ, კუსტარულად მოწყობილი ჭებით სარგებლობენ.

მეტის ნახვა