სახლში მისვლა წყლის გუბეებისა და ორმოების გავლით

ტერიტორია ბათუმში, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ. პრობლემა წლებია მოუგვარებელია. ყველაფერს კი რამდენიმე დღეა უწყლობაც ემატება. აქ მცხოვრებლები,  მმართველ გუნდს, ყურადღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებსა და ცენტრალური გზების გადაკეტვას აანონსებენ. 

ბათუმის მერიაზე გაბრაზებული მოქალაქეები გამოსავალს ვეღარ პოულობენ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემებს ახლა უწყლობაც დაემატა. უკვე სამი დღეა ადგილობრივებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. ისინი წყალს ყიდულობენ და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ. როგორც მოსახლეობაში ამბობენ, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაცია გაყვანილია, თუმცა პასუხისმგებელმა კომპანიამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.

გარდა წყლის პრობლემისა, აქ მცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც საუბრობენ. ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ადგილზე წყლით სავსე გუბეები იმდენად მაღალია, რომ მსუბუქ ავტომობილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა უჭირთ.

დახმარების სათხოვნელად, ათწლეულების განმავლობაში დაწერილ და თაროზე შემოდებულ განცხადებებს მხოლოდ მტვერი ედება. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებს უსამართლობის შეგრძენება აქვთ. ამბობენ, რომ არჩევნებმა უკვე ჩაიარა და რბილ სავარძლებში მყოფ მაღალჩინოსნებს პრობლემების წინაშე მყოფი მოქალაქეების არსებობა დაავიწყდათ.

როდის აღდგება წყლის მიწოდება აღნიშნულ ტერიტორიაზე? „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ ამისთვის იქ მცხოვრებლებმა სრულყოფილი განაცხადები უნდა წარადგინონ.

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოწყობილია. ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა, ხელვაჩაურში სამომხმარებლო ქსელზე, მიმდინარეობს ეტაპობრივად. მოსახლეობის მომართვისა და სრულყოფილი განაცხადის წარდგენის შემდეგ ისინი აბონენტებად დარეგისტრირდებიან.

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში სატელევიზიო კომენტარისთვის მზად არც ამჯერად აღმოჩნდნენ. უწყებამ მხოლოდ წერილობით გვიპასუხა, რომ ქუჩის კეთილმოწყობისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, თუმცა როდის, დროის დაზუსტება უჭირთ.

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 700 000 ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია აღნიშნული პროექტი და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას 3 დღიან ვადას აძლევენ. ადგილობრივების თქმით, თუ კი, ამ პერიოდში მათთან „ოცნების“ წარმომადგენელი კონკრეტული პასუხებით არ მივა, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და მმართველი გუნდის ლიდერებს დისკომფორტს შეუქმნიან.

მეტის ნახვა