რომელი ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს ბათუმის მერია? - ჩამონათვალი

59 მილიონ 354 ათასი ლარი - ამ თანხას ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ქუჩების რეაბილიტაციისთვის დახარჯავს. საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 17 ქუჩაზე უნდა განხორციელდეს. გამოცხადებული ორი ტენდერისთვის განაცხადების მიღება 15 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება. სალომე უსტალიშვილის რეპორტაჟიდან გაიგებთ, რომელი ქუჩების კეთილმოწყობას გეგმავს ქალაქის თვითმმართველობა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდაპირველად გიორგი ლეონიძის ქუჩით დაიწყებს. ტერიტორიის მოასფალტება კი, პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან, ბაქოსა და შავშეთის ქუჩამდე გაგრძელდება.

ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - ალექსანდრე პუშკინი, გიორგი ბრწყინვალე, იმედაიშვილის ქუჩა. 26 მილიონიან, პირველ ტენდერზე, ინიციატივების მიღება, მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

გამარჯვებულ კომპანიას, ტენდერის პირობების მიხედვით, ქუჩების კეთილმოწყობისთვის, სამ წლიანი ვადა ეძლევა და 2026 წლის 28 მარტს ყველა აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს. რამდენიმე ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები, მომდევნო თვის ბოლოს დაიწყება.

ხახული, ფანასკერტელ-ციციშვილი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი - ეს კი, მეორე მასშტაბური პროექტია, რომელზეც ტენდერი, ამავე წელს, რამდენიმე დღეში გამოცხადდება. საერთო ღირებულება 33 მილიონ ლარს აჭარბებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აღნიშნულ მისამართებზეც მალე დაიწყება.

ათეულობით ქუჩის კეთილმოწყობაზე, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, ჯამში, 59 მილიონ 354 ათას ლარს დახარჯავს. ხელმძღვანელის თქმით, რიგ ქუჩებზე გარე განათებების მონტაჟიც დაიწყება.

ქუჩების რეაბილიტაციისთვის, ბათუმის მერიამ, ორი ტენდერი გამოაცხადა. მეორე ტენდერის შემთხვევაშიც, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2026 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.

მეტის ნახვა