რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბათუმის პირველი სამუსიკო სკოლა

უკვე რამდენიმე ათეული წელია, ბათუმის პირველი სამუსიკო სკოლა რეაბილიტაციის მოლოდინშია. რევაზ ლაღიძის სახელობის საგანმანათლებლო დაწესებულება, ყოველწლიურად, ასობით მოსწავლეს ზრდის. სამუსიკო სკოლის ბალანსზე ბევრი წარმატება, გრანპრი და ლაურეატია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შენობის მოპირკეთება პრიორიტეტი მაინც არაა. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც აქვს, თუმცა, მოვლა-პატრონობაზე არც მის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო ზრუნავს.

იმისთვის, რომ  ნიჭიერი ახალგაზრდები, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ, მრავლად აღზარდოს, აუცილებელია, შენობა თანამედროვე სტანდარტებზე იყოს მორგებული და  შესაბამისი ინსტრუმენტებით აღჭურვილი.  ბათუმის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, ამ ეტაპზე, ერთდროულად 651 მოსწავლეს ასწავლის. 1976 წელს აშენებული ნაგებობა, რომ რეაბილიტაციას საჭიროებს ამას ჩვენი კადრებიც ცხადყოფს.

თითქმის ნახევარ საუკუნოვანი შენობის ავარიულობაზე მოსწავლეებიც საუბრობენ. ახალგაზრდები სწავლების ხარისხით კმაყოფილები არიან, თუმცა, მათი ნატვრა, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლებელში სწავლაა. სადაც, ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა ადგილზევე ექნებოდათ.

სამუსიკო სკოლა, 25-ზე მეტი გრანპრის, ასობით ლაურეატის, სხვადასხვა ჯილდოებისა და დამსახურებების მფლობელია.

აქ ფუნქციონირებს ვოკალურ-ინსტრუმენტალური ბენდი  „სკოლის მეგობრები“, სამი გუნდი, ასევე, საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალური,  საგუნდო და სადირიჟირო განყოფილებები. იმის გამო, რომ შენობა პატარაა, მოსწავლეების რაოდენობა კი დიდი, პედაგოგებს, ახალგაზრდების მიღება,  საკუთარ სახლებში უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამუსიკო სკოლა, აჭარის განათლების სამინისტრომ, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად დააფინანსა, სახსრები  შენობის სრული რეაბილიტაციისთვის, საკმარისი არ აღმოჩნდა. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ, სტუდია მოეწყო და სველი წერტილები აშენდა.

იგეგმება თუ არა, სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია? აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში დამაიმედებელს არაფერს ამბობენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით,  სკოლა, დაანონსებულ განათლებისა და მეცნიერების ქალაქში გადავა, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მიუხედავად, ამ გარემოებისა, მის რეაბილიტაციას არც, სააგენტო აპირებს. თუ კი ხელოვნების ცენტრი, განათლების ქალაქში გადაინაცვლებს, ისტორიული შენობა კი გამოთავისუფლდება, უცნობია, რა ფუნქციას შეიძენს და შენარჩუნდება თუ არა კულტმემკვიდრეობა.

მეტის ნახვა