მოუვლელი სოფლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

მოუვლელი სოფლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამჯერად ორთაბათუმის თემს სტუმრობდა. რა აწუხებთ ყველაზე მეტად ადგილობრივებს და არის თუ არა გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა? მოსახლეობას ბევრი პრეტენზია აქვს.

ეს, ერთი შეხედვით მოწესრიგებული ცენტრი, ორთაბათუმის თემის, სოფელ ორთაბათუმს ეკუთვნის.  ტერიტორია მოასფალტებულია, საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც ვერ იპოვით, იგი იგვება და ეტყობა, რომ მას უვლიან. ჩვენი პირველი რესპონდენტი ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ამ სოფელში თამაზ ხალვაში აღმოჩნდა. ალბათ, ამ სურათით ისარგებლა და როცა კომენტარისთვის მივედით, პრობლემის გახსენება ვერ შეძლო.

სანაცვლოდ, ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია მეგობარს, რომელიც მის გვერდით იჯდა. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით, ინფრასტრუქტურულად გამართულ სოფელს,  პრობლემები ცენტრშიც და მის გარეთაც მრავლად აქვს. მაგალითად, ადგილობრივებს არ მოსწონთ საპირფარეშო კარის გარეშე და უსახური, ძველი მოსაცდელი. როცა ადგილობრივებმა საუბარი პრობლემებზე დაიწყეს, მერის წარმომადგენელი თვალს უკვე სამუშაო კაბინეტის აივნიდან გვადევნებდა.

რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურას, აღმოჩნდა, რომ ორთაბათუმში პრობლემაა გამართული გზები, რიგ მონაკვეთებზე, საავტომობილო გზები მეწყრული პროცესების გამოა ამორტიზებული, თუმცა აღდგენას ადგილობრივები თვეებია ამაოდ ელოდებიან.

რამდენიმე თვის წინ განვითარებულმა მეწყერმა, სოფელ ყოროლისთავში გზა იმდენად დაავიწროვა, შესაძლოა, სოფელი გარესამყაროსგან მოწყვეტილი, მცირედი უამინდობის შემთხვევაშიც აღმოჩნდეს. ფაქტია, საგზაო დეპარტამენტმა პრობლემის შესახებ იცის, თუმცა სამუშაოები იმით დასრულდა, რომ საინფორმაციო დაფა გამოაკრეს.

აღმოჩნდა, რომ ორთაბათუმის თემის რამდენიმე სოფელში, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ დადის. ყოროლისთავში, არც გარე განათებაა მოწყობილი, სოფელ ჩელტას კი სასმელი წყალი არ აქვს.

ის, რაც მერის წარმომადგენლისთვის არაფერია, მოსახლეობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ, იმედს არ კარგავენ, რომ დასახელებულ პრობლემებს, ხელვაჩაურის მერია, ოპერატიულად გადაჭრის.

მეტის ნახვა