მოუვლელი ახალი ბულვარი - რატომ მიივიწყა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურისტულად მნიშვნელოვანი ტერიტორია?

წლებია, ტურიზმის განვითარება აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იხარჯება, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად იგრძნობა ახალ ბულვარში. ბოლო ათი წლის განმავლობაში, აქ თითქმის არაფერი შეცვლილა. ტერიტორიის განვითარებაზე საუბრები დიდი ხანია აღარც ბათუმის საკრებულოს სხდომებზე მოგვისმენია. გამოდის, რომ ვითარებით არავინ ინტერესდება. შედეგად კი, ახალ ბულვარში არსებული ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა იშლება.

ე.წ. ახალი ბულვარი მდინარე ჭოროხის შესართავთან სრულდება, თუმცა, გზა ბოლომდე არ მიდის. ინფრასტრუქტურის მოწყობა, აქ, წლებია შეჩერებულია. უსაფრთხოებისთვის დადებული ეს ქვის ბარიერები სიძველისგან იშლება. სახელმწიფოს, ქალაქის ამ ნაწილში, მხოლოდ, ინვესტიციები და სამშენებლო სექტორის განვითარება აღელვებს. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ახალი ბულვარის განვითარება, ამ რეალობით, ფაქტია, პრიორიტეტი აღარ არის.

ახალი ბულვარის განვითარებაზე საუბრები, დიდი ხანია, აღარც ბათუმის საკრებულოს სხდომებზე მოგვისმენია. არა და სათქმელიც და გასაკეთებელიც, აქ, ნამდვილად ბლომადაა. ადგილს, რომელსაც ეგზოტიკური სანაპიროს თუ აეროპორტის ასაფრენი ზოლის სანახავად  უამრავი ვიზიტორი ჰყავს, ტროტუარიც არ აქვს. გარდა ამისა, მაგალითად, გაუსხლავია პალმები, გაუთიბავია ბალახი, ამორტიზებულია შადრევნები განათებითურთ. ცარიელია ან დაჭაობებულია დანარჩენი შადრევნებიც. მწყობრიდანაა გამოსული დეკორატიული განათებები პალმების ძირას. ვაჟა დარჩია ამბობს, რომ  ახალი ბულვარის განვითარებაზე ბათუმის მერია და საკრებულოს უმრავლესობა, არც მას შემდეგ ფიქრობს, რაც ბულვარის განვითარების გეგმა დაამტკიცეს.

ეს გახუნებული აბრა მიგვანიშნებს, რომ აქვეა საპირფარეშო. შენობას ნამდვილად მიაგნებთ, თუმცა, სარგებლობას ვერ შეძლებთ. ის, წლებია ამორტიზებულია. აქაურობას, კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა აქვს, რომელიც კრიტიკას, ვერცერთ ნაწილში უძლებს.

რატომ არ მუშაობს თვითმმართველობა ახალი ბულვარის განვითარებისთვის და რატომ არ უვლის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას? კითხვებით საკრებულოს უმრავლესობასაც მივმართეთ. „ქართულ ოცნებას“ ვთხოვეთ, ასევე ესაუბრა, სანაპირო ზოლის, ამ ნაწილში, ახლო მომავალში, დაგეგმილია თუ არა რაიმე სამუშაოს განხორციელება, თუმცა, მმართველი გუნდი ჩვენს კითხვებზე პასუხების გასაცემად, მზად არ აღმოჩნდა. ფაქტი ერთია, 2023 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, თანხები გაწერილი არ არის.

მეტის ნახვა