ახალი ამბები • 1763483982
კომუნალური პრობლემები ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე - მოქალაქეების სათქმელი და მუნიციპალიტეტის პასუხი
კომუნალური პრობლემები ჯავახიშვილის ქუჩაზე. 74-76 ნომერში მცხოვრებლები ბათუმის მერიისგან რეაგირებას ითხოვენ. კორპუსების ეზოში, უწყებამ მიწისქვეშა კომუნიკაცია გასულ წელს გამოცვალა, თუმცა პრობლემა სრულად მაინც ვერ მოგვარდა. სიტუაცია განსაკუთრებით ყოველი გაწვიმებისას მძიმდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთი რიგითი მოქალაქე მერიას დახმარებას დიდი ხანია ამაოდ სთხოვს. ამჯერად ამხანაგობის სახელით. ამბობს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მიდგომები არ იცვლება და ეს, მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.
რის მოწესრიგებასაც, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 74-76 ნომერში მცხოვრებლები ითხოვენ, ისევ და ისევ, ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგებაა. მართალია, აქ ახალი ქსელის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა, ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. უამინდობისას, აქ სანიაღვრე და ფეკალური წყლები, ისევ ზედაპირზე ამოდის. როგორც აღმოჩნდა, ძველი ქსელი არავის გაუუქმებია და ამორტიზებული ჭები ცხადია გამტარი აღარ არის. მეტიც, საბჭოთა პერიოდის, უკვე სავალალო მდგომარეობაში არსებული ქსელი ნელ-ნელა იშლება, დაზიანებულ კერებზე კი ორმოები რჩება. ეს, ასზე მეტი ოჯახის მიერ მოხმარებული წყლის გადინებას ცხადია კიდევ უფრო აფერხებს, ყველაფერი ზედაპირზე ამოდის და ეზოს სანიტარული მდგომარეობა უარესდება.
მოსახლეობა, პრობლემაზე რეაგირებას ითხოვს, თუმცა თვეების განმავლობაში, ამხანაგობის წერილებს ლოგიკური შედეგი არ მოჰყვა. „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მიერ მაისში მიწერილ წერილში წერია, რომ განცხადება, პრობლემურ საკითხთა აღრიცხვის რეესტრშია და მოთხოვნას მაშინ დააკმაყოფილებენ, როცა შესაბამისი თანხა ექნებათ და რიგი მოუწევთ.
კითხვებით, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ჩვენც მივმართეთ. გვაინტერესებდა ისიც, რატომ არ გაუქმდა ძველი ქსელი, როცა ახლის მშენებლობა დასრულდა. ყველა კითხვა, უწყებაში, ღიად დატოვეს.
1756113571





















