ინფრასტრუქტურული პრობლემები "მოუვლელ" ჭარნალში

„მოუვლელი“ დასახლებების შესახებ „მაცნე“ რეპორტაჟების სერიას ისევ აგრძელებს. ჩვენს ობიექტივში კიდევ ერთი სოფელი მოხვდა ამორტიზებული და ძველი ინფრასტრუქტურით. გიყვებით ჭარნალზე, სადაც მოსახლეობას კანალიზაციის არ არსებობის გამო, გაუსაძლისი სუნი აწუხებს. ადგილობრივებს არც რეკრეაციული სივრცე აქვთ. დღემდე მოუგვარებელია სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების პრობლემაც.

ზედა ჭარნალში არსებული ბუნების გამო,  სოფელი რომ ტურისტულად მიმზიდველი ტერიტორიაა, ყველასთვის ცნობილია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ადგილობრივებმა, ფანჩატურები მოაწყვეს და ზაფხულის სეზონზე, შემოსავლის წყაროდ აქციეს. თუმცა, ჩამოსული სტუმრები,  აქ არსებული დანაგვიანებული გარემოს გამო, სარეკლამო ფოტოებთან შედარებით, საპირისპირო რეალობაში ხვდებიან.

სწორედ ვიზიტორებისა და ადგილობრივებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით,  ზედა ჭარნალში,  მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე,  სკვერის მოწყობა  დაანონსდა. ნაძვნარის გარშემო, რამდენიმე წლის წინ,  ხელისუფლებამ, მოსახლეობას ბოსლები ააღებინა, რის გამოც, ფერმერებს საქონლის გაყიდვაც მოუხდათ. თუმცა, სკვერი რომლის მშენებლობისთვისაც, ბიუჯეტიდან,  120 ათას ლარამდე თანხა გამოიყო, დღემდე არ მოწყობილა.  მეტიც, ტერიტორიიდან ამოღებული, ქვის ლოდები, გზის სავალ ნაწილზე განალაგეს რის გამოც, სამანქანო გზა დავიწროვდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ თვითმმართველობამ, სკვერის მშენებლობასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის, სპორტული მოედნის მშენებლობის დაპირებაც გასცა. თუმცა, წინასაარჩევნო

კამპანიიდან  2 წელი გავიდა,  პატარებს კი, თამაში, კვლავ, ასეთ მოედანზე უწევთ.

სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული  პრობლემების ჩამონათვალშია კანალიზაციის არ არსებობაც. ადგილობრივების თქმით, საკუთარი ძალებით მოწყობილი შამბოებიდან, ფეკალიების მასები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება, რაც ეკოლოგიურ ზიანთან ერთად,  გაუსაძლის სუნსაც იწვევს.

ადგილობრივებისთვის გამოწვევად რჩება სასმელი წყალიც. ყვებიან, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მათი თქმით, ხშირად, წყლის მილებიც ზიანდება, პასუხისმგებელი უწყებები კი, პრობლემაზე მყისიერად არასდროს რეაგირებენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნარგიზ ბერიძე ცხოვრობს. დეპუტატის თქმით,  აქ არსებულ პრობლემებს თავადაც ყოველდღიურად აწყდება. გვიყევბა, რომ მოსახლეობა სხვადასხვა გამოწვევებზე მასთან ხშირად საუბრობს, თუმცა, იმის გამო, რომ მართვის სადავეები ხელისუფლების ხელშია, პრობლემების მოგვარებას ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ ახერხებს. მოქმედი დეპუტატი განსაკუთრებულ გამოწვევად მიიჩნევს გზის პრობლემას. ამბობს, რომ ტერიტორიის ნაწილზე ძველი და ამორტიზებული გზაა, რის გამოც გადაადგილება რთულდება.

ადგილობრივებისთვის გამოწვევად რჩება, გარე განათებაც. საღამოს საათებში სოფელში, მხოლოდ, ცენტრალური ტერიტორიაა განათებული. შიდა სასოფლო გზები კი, ბნელი და გადაადგილებისთვის სახიფათოა.

მეტის ნახვა