დასახლება ჩაქვში, რომლის არსებობა ხელისუფლებას დაავიწყდა

„მაცნე“ მოუვლელი დასახლებების სერიას აგრძელებს. ამჯერად ჩაქვზე მოგიყვებით. ტურისტული სიმრავლით გამორჩეული ტერიტორია მოუწესრიგებელია - ინფრასტრუქტურა ძველი და უსახური. ადგილობრივები განსაკუთრებულ გამოწვევად ცენტრში, საპირფარეშოების არ არსებობას ასახელებენ. პრობლემების სიმრავლეა პლაჟზეც. ტურისტების უკმაყოფილებას დასახლებებში კანალიზაციის არ არსებობა და გამოწვეული სუნიც განაპირობებს.

დაბა ჩაქვში მდებარე ეს შენობა, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. იგი გასული საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება. ლაო ჯინ ჯაო 23 წლის აგრონომი, რომელმაც საქართველოში მეჩაიობის განვითარებას შეუწყო ხელი, სწორედ აქ ცხოვრობდა.  მიუხედავად იმისა, რომ აქ მუზეუმის გახსნის იდეა განიხილებოდა და შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს, ახლა ასე გამოიყურება.

დაბა ჩაქვის ტერიტორაზე, პასუხისმგებელი უწყებების ყურადღება ბევრი მიმართულებითაა საჭირო. ჩაქვი  ის ადმინისტრაციული ერთეულია, საიდანაც სტარტს მტირალას ეროვნული პარკისკენ მიმავალი გზა იღებს. დაცული ტერიტორიისკენ, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამთავალიერებელი სტუმრობს და ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს შორისაა. მიუხედავად ამ გარემოებისა,  უყურადღებობის კვალი, ჩაქვის ცენტრშივე იგრძნობა. ირგვლივ საბჭოთა დროინდელი უღიმღამო  შენობებია, არ არსებობს ვიზიტორთა ცენტრი, განსაკუთებულ პრობლემად კი, ადგილობრივები, საპირფარეშოების არ არსებობას მიიჩნევენ.

პრობლემები ცენტრში არ მთავრდება, უყურადღებობას სანაპიროს  მიმდებარედ მცხოვრებლებიც განიცდიან. ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწყობას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. აქ განსაკუთრებულ გამოწვევად დგას კანალიზაციიის არ არსებობა. ადგილობრივებს შამბოები საკუთარი ძალებით აქვთ მოწყობილი. საუბობენ გაუსაძლის სუნსა და მწერების სიმრავლეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ, ბეჟანიძის ქუჩის კეთილმოწყობა განახორციელა, პარალელური, თბილისის ქუჩა ამორტიზებული დატოვა. ადგილობრივების თქმით, ამ მიზეზით, ტურისტულ ზონაში, სახლებს ვერ აქირავებენ. უხვნალექიან ტერიტორიაზე, ყოველი გაწვიმებისას, ქუჩა იტბორება, რასაც რიგი პრობლემები ახლავს თან.

ქობულეთის მერიისგან, აქ წლებია, ამაოდ ელოდებიან, ბავშვებისთვის ატრაქციონებისა და სკვერის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ საბვშვო სივრცისთვის ადგილი გამოყოფილია, თუმცა, როდის მოაწყობენ რეკრეაციულ სივრცეს, არავინ იცის.

ადგილობრივებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ნაგვის ურნების არარსებობაც წარმოადგენს. ტერიტორიაზე არსებული, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი, სულ რამდენიმე კონტეინერი, მუდმივად გადავსებულია. აქ მცხოვრებლების თქმით, დასუფთავების სამსახური, მხოლოდ, კვირაში ერთხელ მოდის.

ჩაქვში, უმთავრეს გამოწვევად, კვლავ, პლაჟის მდგომარეობა რჩება.

სანაპირო აქაც ელემენტარული  ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი. არ არის გასახდელები და ნაპირზე გადასასვლელები. გარშემო მხოლოდ სამშენებლო ნარჩენებია. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი მოახლოვდა, ტერიტორიაზე, ვიზიტორების დასახვედრად სამზადისი არ იგრძნობა. სარეკლამო ბანარების მიღმა, აქ ჩამოსული სტუმარები, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

მეტის ნახვა