სოფლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით შეხვედრები განახლდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.

"შეხვედრების ძირითადი მიზანია ეპიდვითარება და ვაქცინაციების მიმდინარეობდა. აჭარაში სამიზნე კონტიგენტის 85%-მდე უკვე ვაქცინირებულია. კერძოდ, ხულოსა და შუახევში მაჩვენებელი 80%-ზე მეტია, თუმცა დაისახა დამატებითი რეკომენდაციები სამიზნე მაჩვენებლის სრულად დაფარვისათვის. ასევე, სამედიცინო პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია, სამინისტროს 2022 წლის პროგრამული სიახლეების შესახებ და ეთხოვათ მხარდაჭერა აღნიშნული სიახლეების მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით" - აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნები, სასწრაფოსა და რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი სოციალური სააგენტოს უფროსები. 

"კოვიდვაქცინაცია გრძელდება შორეულ სოფლებშიც, კარდაკარის პრინციპით, ყველა ოჯახში შევდივართ ვაქცინის ჩასატარებლად. პროცესში ატიურად არიან ჩართულები უბნის ექიმები, ფიზიკური პირები, ექთნები. ვიმედოვნებთ, რომ აქტიურობა კვლავ გაგრძელდება და მალე მივაღწევთ სასურველ მიზანს" - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსმა, ფიქრია ჯუმუშაძემ.

დღემდე აჭარაში ჩატარებულია 302 298-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონდიგენტის 85.1%

მეტის ნახვა