გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც მედიკამენტები უნდა შემოვიდეს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის ჯიემპის სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტის ნახვა