ახალი ამბები • 1769693544
1 ივნისიდან, ბავშვები 150 ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის შეეხება სიახლე?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნება.
„ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, პირველი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველა წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს. ასევე, ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეხებათ, როგორიც არის მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, ეს დახმარება იმ ოჯახებს შეეხებათ, რომელთა ქულა 120 ათასამდეა. დახმარებას მიიღებს ასეთი ოჯახის ყველა 16 წლამდე ბავშვი.






















