1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა - წამლების ჩამონათვალი

1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. სიახლის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ საფასურზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. გამოდის, რომ სექტორს მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად და აღნიშნულ სისტემაზე გადასაწყობად ერთი თვე დარჩა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ელექტრონული ბაზა შეიმუშავეს, რომლითაც წამლის რეალიზაციის პროცესს ონლაინ რეჟიმში დააკვირდებიან. უწყების ინფორმაციით, რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან დაეკისრებათ.

საცალო აფთიაქი პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება საბითუმო რეალიზატორს, გაფრთხილების შემდეგ, ხელმეორედ დარღვევისთვის 15 ათას ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა, სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 30 ათას ლარს შეადგენს.

მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი დაწესდა, იხილეთ ბმულზე: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main

მთავრობის ცნობით, ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.

მეტის ნახვა