რამდენად გამოხატავს ბსუ-ს თვითმმართველობა სტუდენტების ინტერესებს? - ახალგაზრდების ხმა "მაცნეში"

რამდენად ითვალისწინებს და გამოხატავს ბსუ-ს თვითმმართველობა სტუდენტების ინტერესებს. ამის გარკვევას „მაცნე“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეეცადა. როგორც ჩანს, ინდივიდუალურად, შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულთა ნაწილმა არც კი იცის რა ევალება სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს და რას უნდა აკეთებდეს იგი ახალგაზრდებისთვის. უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ თვითმმართველობა სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზეა პასუხისმგებელი. ასრულებს თუ არა სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს? რა ხდება რეალურად?

„მეჩქარება“ - ამ მიზეზით აარიდეს სტუდენტებმა თავი კითხვაზე პასუხს - რას აკეთებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და იცავს თუ არა მათ ინტერესებს. ბევრმა, ჩვენს მიერ დასმული კითხვა გულდასმით მოისმინა, თუმცა სათქმელი, ფაქტობრივად, არაფერი აღმოაჩნდათ. სტუდენტების ეს ნაწილი ამბობს, თვითმმართველობის საქმიანობაზე არაფერი იციან, არ სმენიათ და შესაბამისად, არც მხარდაჭერა უგრძნიათ. ასეთი პასუხები, გამოკითხულთა უმრავლესობას აქვს.

სპორტული აქტივობები და გასართობი პროექტების ორგანიზება - გამოკითხული სტუდენტების ნაწილმა თვითმმართველობის საქმიანობაზე, მხოლოდ, ეს იცის. მიაჩნიათ, რომ სტუდენტებისთვის  ზრუნვა, ამით იწყება და სრულდება.

სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი მიზანი ნამდვილადაა, თუმცა, ეს ყველაფერი ინსტიტუციის, სრული და ძირითადი საზრუნავი არ არის. აღმოჩნდა რომ ბსუ-ს ბევრი სტუდენტი, თვითმმართველობის არა თუ საქმიანობას,  მიზნებსაც კი, არ იცნობს.

მხოლოდ, ერთეულები შეგვხვდნენ ისეთები, ვისაც სტუდენტური თვითმმართველობის მიზანიც და იდეაც, სწორად და ზუსტად აქვს გააზრებული. ამბობენ, რომ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა სუსტია და უჭირს კრიტიკულ მომენტებში, ობიექტური პოზიცია დაიკავოს. ამ და სხვა არგუმენტებით, მოქმედი თვითმმართველობა, ახალგაზრდებში ნდობით ვერ სარგებლობს.

დღევანდელი გამოკითხვით, ფაქტი ერთია, ბსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას დაბალი რეიტინგი აქვს და სტუდენტებში მისი როლის და მიზნების შესახებ ცნობადობა დაბალია, შესაბამისად, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ თუ კი თითოეული მათგანი დაინტერესდება და უკეთ გაიცნობს თვითმმართველობის როლს, აუცილებლად მოითხოვენ, საერთო მიზნებისთვის მუშაობას. მაშინ, რეალობაც შეიცვლება და სტუდენტური ცხოვრება უფრო ჯანსაღი გახდება.

მეტის ნახვა