რა გამოწვევების წინაშე არიან ქართველი სტუდენტები და რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ სტუდენტობას შორის?

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. თარიღის დაარსებას საფუძველი 1946 წელს, პრაღაში ჩაეყარა. მიზეზი ფაშისტური რეჟიმის მიერ ახალგაზრდებზე მიტანილი იერიში გახდა, რის შემდეგაც სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნული თარიღი დაწესდა. უძველესი წარსულიდან დღემდე, სტუდენტური ძალა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში გადაწყვეტი მნიშვნელობისაა. რა გამოწვევების წინაშე არიან ქართველი სტუდენტები და რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ სტუდენტობას შორის?

სტუდენტების საჭიროებებს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა, რომ სრულყოფილად ვერ პასუხობს, ამაზე, თავად ახალგაზრდებიც საუბრობენ. არჩილ ბარამიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკურად არამდგრად ქვეყანაში, სწავლის საფასური მინიმუმამდე უნდა დაიწიოს. საუბრობს დასაქმების პრობლემაზეც. სტუდენტების თქმით, საქართველოში, სასურველი პროფესიის, უნივერსიტეტის დონეზე სრულფასოვნად დაუფლების შესაძლებლობა იშვიათი შემთხვევაა.

გაცვლითი პორგრამების გაუმჯობესების საჭიროებაზე საუბრობს მაგდა ხალვაში. იგი ესპანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა აუცილებელია.

რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ სტუდენტობას შორის? გერმანული სწავლების მაგალითზე, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრებიან ევროპაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები. მათი თქმით, ფინანსურად მდგრად ქვეყნებში, სწავლის საფასური წლიურად მინიმალურია, საქართველოში კი, 3 ჯერ უფრო ძვირი. უცხოეთში მყოფები საქართველოში, პრაქტიკული სწავლების გაძლიერების  საჭიროებას ხედავენ.

დემოკრატიულ და განვითარებად ქვეყანაში ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესორი გიორგი მასალკინი სტუდენტებს ქვეყნის ინვესტიციას  უწოდებს. მისი თქმით, საქართველოში  ახალგაზრდებს ბევრი საჭიროება აქვთ. მასალკინი განათლების სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავს.

ქვეყნისთვის სტუდენტების როლი, რომ  ფასდაუდებელია ამას, სტუდენტების დღის დაწესების თარიღიც მოწმობს. ჩვენს ქვეყანაში, არსებული მოცემულობიდან გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს ძალა პრიორიტეტული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და გვსურს დასავლურ ოჯახს შევუერთდეთ, განათლების მიმართულებით ევროპას დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით, რასაც არაერთი კვლევაც მოწმობს.

მეტის ნახვა