ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი TV 25-ის ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს

მადონა გოგიტიძე

ფოტო: TV25

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი გუშინ, TV 25-ის ეთერში გასულ გადაცემა “პოზიციას“ ეხმაურება. მადონა გოგიტიძე ამბობს, რომ თოქ-შოუში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ კონკრეტული მოსწავლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ზარის ღონისძიებაზე გიორგი კაკალაძემ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ „სკოლა საბჭოთა გადმონაშთია და იქ მხოლოდ მონებად ზრდიან“.

აღნიშნული ფაქტის შეფასებისთვის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობა TV 25-მა შესთავაზა, როგორც სკოლის დირექციას და მოსწავლეს, ასევე, რესურსცენტრის დირექტორს. მადონა გოგიტიძემ კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. განაცხადა, რომ ფაქტთან დაკავშირებით და მოსწავლის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ ვიცოდი მოსწავლის აკადემიური მოსწრება, არც ის ვიცოდი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, არ ვიცოდი ასევე პროტესტის მიზეზი, ამიტომაც უარი ვთქვი ფაქტის შეფასებაზე. ქობულეთში 12 ათასი მოსწავლე სწავლობს. თუ აუცილებლობა არ დადგა, არ მაქვს ყველა მათგანზე დეტალური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ გითხარით გადაცემაში მონაწილეობაზე უარი.

ნებისმიერი მოსწავლე, მათი აზრი, მომავალი და პერსპექტივა - ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამდენი ხანია ამ სისტემაში სწორედ მათ მხარდასაჭერად და მასწავლებლების ხელშესაწყობად ვარ“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას მადონა გოგიტიძემ.

მეტის ნახვა