ქობულეთის 2 სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე და სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩენილი მოზარდები

ქობულეთის 2 სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე და სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩენილი მოზარდები. გვარასა და კვირიკეში, სადაც 1200-მდე ოჯახი ცხოვრობს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არაა. მშობლებს ბავშვები კილომეტრების მოშორებით, სხვა ქალაქებსა და უბნებში დაჰყავთ. მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი ბაღისთვის ტერიტორიები და თანხები წინა წელს გამოყო, თუმცა მშენებლობები მაინც არ განხორციელებულა. ოპოზიციაში კორუფციაზე საუბრობენ, უწყებაში კი ხელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისკენ იშვერენ.

ეს  საძირკველი, სოფელ გვარაში, გასულ წელს ჩაყარეს. ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო.  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულება, გასული წლის სექტემბერში გაფორმდა და სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები, არც კი დაწყებულა. არადა, შეთანხმების მიხედვით,  მუნიციპალიტეტის მერიამ,  პროექტისთვის, მილიონ 200 ათასი  ლარი  გამოყო, თუმცა, სამშენებლო პროცესი შეჩერებულია.  ადგილობრივები ფიქრობენ, რომ  შესაძლოა, პატარები,  მომავალ წელსაც, სააღმზრდელო პროცესის მიღმა დარჩნენ.

იგივე მდგომარეობაა, სოფელ ქვედა კვირიკეშიც. საბავშვო ბაღის მშენებლობა, იმავე კომპანიამ, აქაც, გასული წლის სექტემბერში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დაწყებიდან, თითქმის, 9 თვე გავიდა, კვირიკეს სააღმზრდელო დაწესებულებისთვისაც, მხოლოდ საძირკველია მოწყობილი. ადგილზე არც მუშა პროცესი  და არც შესაბამისი, სამშენებლო მასალები დაგხვდა. აღსანიშნავია, რომ გარშემო, არც სარეკლამო ბანერია გამოკრული, შესაბამისად, ვერავინ იფიქრებს, რომ აქ სააღმზრდელო დაწესებულება შენდება. ამ ბაღის მშენებლობისთვის, ქობულეთის მერიამ, მილიონ 300 ათას ლარზე  მეტი გამოყო. აღსანიშნავია, რომ ქვედა კვირიკეში,  800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს,  სოფელში  კი, პატარებისთვის, სკოლამდელი არზრდის დაწესებულება არ არსებობს.

ოპოზიციისთვის საკითხი კითხვის ნიშნებს ბადებს. ლაშა კომახიძის თქმით, ქობულეთის მერიამ, შემსრულებელ კომპანიას, ვადები 2-ჯერ შეუცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან,  კომპანიის მიმართ, ლოიალურობასა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

საბავშვო ბაღების მშენებლობა, ორივე სოფელში, ქობულეთის მერიამ, შპს “ბილდ მენეჯმენტს” მიანდო. რატომ არ ასრულებს კომპანია დაკისურებულ ვალდებულებას? კითხვებით ბუმებრივია შპს-ს მივმართეთ, თუმცა, აქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აუქმებენ. რაც შეეხება, ბაღის მშენებლობის გაგრძელებას, ვიცე მერი ამბობს, რომ შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ახალი ტენდერი გამოცხადდება. დავით ვერულიძე ვერ აკონკრეტებს დასრულდება თუ არა სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა მიმდინარე წელს.

როდის აშენდება საბავშვო ბაღები  გვარასა და კვირიკეში  და როდემდე მოუწევს,  ასეულობით  სკოლამდელ აღსაზრდელს კილომეტრების მოშორებით, სხვა სოფლებში სიარული, სკოლამდელი განათლების მისაღებად, ჯერ ისევ, გაურკვეველია.

მეტის ნახვა