ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.

„ბათუმში, მე-20 საჯარო სკოლაში იხსნება უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელი მოსწავლეები მშობლიურ ენაზე, უკრაინული სასწავლო პროგრამის მიხედვით ისწავლიან.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან ზუსტად იმ სახელმძღვანელოებით, რომლებითაც ისინი უკრაინაში სწავლობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებით უკვე უზრუნველყოფილია", - თქვა ჩხენკელმა

ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დაესწრო.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უკრაინელი ბავშვებისათვის, უკეთ ინტეგრირდნენ ჩვენს მეგობარ ქართულ საზოგადოებასთან და მიიღონ ზოგადი განათლება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ჩემს მეგობარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას ამ რთულ დღეებში და რუსეთის მხრიდან აგრესიის პირობებში მაქსიმალურად გვეხმარება“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ბათუმის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, უკრაინულენოვან სექტორზე I-IV კლასის მოსწავლეები ისწავლიან, ხოლო სექტემბრიდან ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა საფეხურის მოსწავლეს ექნება.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო”. მათთვის დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 800-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისში უკრაინული სექტორი მიმდინარე წლის 11 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

მეტის ნახვა