რა უნდა გაიაფდეს საქართველოში? - გამოკითხვა

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ტანსაცმელსა თუ  სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე ფასები დრამატულად იზრდება. გაძვირებული ცხოვრების ფონზე კი, ხელფასები და პენსიები იგივე რჩება. დისბალანსის გამო, ცარიელდება მომხმარებელთა კალათა, რაზეც ადამიანები პროტესტს ყოველდღიურ რეჟიმში გამოხატავენ, სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ აქციებზე. ამბობენ, რომ ფასები ისე უნდა დარეგულირდეს, რომ მათთვის  გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევა არ იყოს. რა უნდა გაიაფდეს საქართველოში? “მაცნემ” კითხვა დღეს ბათუმის ქუჩებში დასვა. ია გოლიაძე გიამბობთ.

ბოლო, რამდენიმე წლის განმავლობაში, კატასტროფულად გაძვირებულ ფასებს, მოქალაქეთა უმრავლესობა, ყოველდღიურ რეჟიმში აპროტესტებს. ნაწილი სოციალურ ქსელში, ნაწილი - ქუჩაში, ნაწილი - უბრალოდ არ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რა უნდა გაიაფდეს საქართველოში? TV 25-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, გამოსავალს პურისა და მედიკამენტების გაიაფებაში ხედავს. მათი დიდი ნაწილი პენსიონერია.

მოქალაქეთა დიდ ნაწილს, იმ პროდუქციის გამოყოფა უჭირს, რომლის გაიაფების აუცილებლობა, დღეს, ქვეყანაში დგას. მიიჩნევენ, რომ ფასები ყველაფერზე უნდა გადაიხედოს, მათ შორის, ხორცსა და ხილზე,

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ფასების რეგულირება საწვავის გაიაფებით უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხევაში, ვერც ტრანსპორტირების ღირებულება დაიკლებს  და სამომხმარებლო კალათაც ძვირი იქნება. ნაწილი სიგარეტის გაიაფებასაც ითხოვს.

მოქალაქეთა ნაწილს ბათუმის ქუჩებიდან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ამბობენ, რომ პროცესი არ კონტროლდება, რის გამოც ეს შედეგი დადგა.

მოქალაქეთა ნაწილი პოზიტივს ინარჩუნებს. ამბობენ, რომ ომში ყოფნას, ამ პირობებში ცხოვრება სჯობია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაძვირებული ფასები არა ხელისუფლების, არამედ, გაზარმაცებული ხალხის პასუხისმგებლობაა.

ჩვენს მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა შორის, კომუნალური გადასახადების გაიაფების აუცილებლობა, არავის უხსენებია.

მეტის ნახვა