"მდუღარე ეკონომიკის" ფონზე პროდუქტი ისევ გაძვირდა

სანოტარო გადასახდელი, ასლის გადაღება, ხახვი და კარტოფილი - ეს არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტთა ათეულში შედის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფლაციის შესახებ სამ მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეგრეთ წოდებულ დაქსეროქსებაზე ფასი 48%-ით გაძვირდა, ხოლო თითქმის გაორმაგდა ფასები სანოტარო გადასახადებზე.

სანოტარო მომსახურება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გაძვირებული პროდუქტების ათეულში პირველ ადგილს იკავებს. თუ კი გასული წლის აპრილში, მაგალითისთვის, ანდერძის დადასტურება 9 ლარი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 16 ლარს შეადგენს. ფასები 95.6%-ითაა გაზრდილი. სანოტარო მომსახურების მომხმარებლებს, ქვეყანაში შემქნილ ფონზე, ამ მიმართულებით ფასების ზრდა აღარ აკვირვებთ.

ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულში მოხვდა ხახვიც. მაგალითად, გორგილაძის ქუჩაზე, ერთი კილოგრამი ბოსტნეულის ფასი 5 ლარიდან 6 ლარამდე მერყეობს. მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ ქართული ხახვის შემოსვლის პარალელურად, ფასის კლების ტენდენცია უკვე იგრძნობა, თუმცა, მომხმარებლები ჯიბეზე დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ.

საქართველოში, ბოლო ერთ წელიწადში, ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ხუთეულში შევიდა ასლის გადაღება. ე.წ დაქსეროქსების ფასი 48%-ითაა გაზრდილი. თუ კი გასულ წელს,  ერთი გვერდის შავ-თეთრი ასლი 20 თეთრი ჯდებოდა, ახლა უკვე 2-ჯერ მეტი ღირს. ფასების ზრდას შესაბამის ჯიხურებში დასაქმებულები საღებავისა და ქაღალდის გაძვირებით ხსნიან.

35%-ით გაძვირდა თეატრის ბილეთები. სპექტაკლზე დასწრება ფუფუნებად იქცა, განსაკუთრებით, პენსიონერებისთვის. ამბობენ, რომ შემოსავლის ფონზე, საყვარელი წარმოდგენის ნახვის უფლებას თავს, ხშირად, ვეღარ აძლევენ.

გაძვირებულ ათეულში მოხვდა კარტოფილი 33%-ით და ამავე მაჩვენებლით მწვანე ლობიო.

მეტის ნახვა