პასკა - როგორ მოვამზადოთ სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტი?

პასკა

აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, შესაბამისად ყველა მორწმუნე  სააღდგომო სუფრაზე იწყებს ფიქრს. გთავაზობთ რეცეპტს როგორ მოვამზადოთ პასკა:

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 10 ცალი
  • შაქარი - 1200 გ
  • კარაქი ან ერბო - 500 გ
  • რძე - 1 ლ
  • საფუარი - 50 გ
  • ფქვილი - 3 კგ
  • დაფქული მუსკატის კაკალი - 1 ჩ/კ (სავსე)
  • სანელებელი ილი - 1 ჩ/კ (სავსე)
  • მიხაკი,დარიჩინი - დანის წვერით
  • ვანილი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 1 ს/კ
  • ლიმონის ზეთი - 4-5 წვეთი
  • შაფრანი - 1 პაკეტი
  • კონიაკი - 50 გ
  • ზეთი - 1 ჩ/ჭ
  • ქიშმიში - 500 გ
  • თავზე მოსასმელად-4 კვერცხის გული+4 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

წინასწარ მოვამზადოთ ინგრედიენტები: კარაქი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ, ფქვილი გავცრათ, რძე ავადუღოთ და ოდნავ გავაგრილოთ. ქიშმიში გავრეცხოთ და დავყაროთ საწურზე შესაშრობად.

ფართო თასზე მოვათავსოთ საფუარი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე. ავურიოთ კარგად, დავაფაროთ გობს სუფთა ტილო და ოპარა დავტოვოთ გასაფუებლად. პატარა ემალის ქვაბში ჩავყაროთ სანელებლები: ილი, ჯაოზი, დარიჩინი, მიხაკი. დავასხათ ერთი ჭიქა რძე და ნელ ცეცხლზე წამოვადუღოთ. დავდგათ გასაგრილებლად.

როცა კარგად ამოვა, დავუმატოთ დარჩენილ თბილ რძეში გახსნილი შაქრის ნახევარი, გამდნარი კარაქი, ვანილი, ლიმონის ზეთი, კონიაკი, დავახეხოთ შაფრანი, დავამატოთ იმდენი ფქვილი, რომ ძალიან ნაზი ცომი გამოვიდეს. ისევ დავაფაროთ ცომს თავზე და დავაცადოთ ამოსვლა.

როცა ცომი კარგად გაფუვდება, მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხები დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ცომს, მარლაზე დავასხათ მოხარშული სანელებლებიანი მასა, კარგად გავწუროთ ხელით და ესეც ჩავუშვათ ცომში. დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იზილებოდეს მინიმუმ 30 წუთი. ზელვის დროს დავამატოთ ზეთი, ზეთიანი ხელითვე შემოვუწმინდოთ ნაპირები გობს და ისევ დადგათ სითბოში გასაფუებლად.

როცა ცომი კარგად გაფუვდება (მოცულობაში უნდა მოიმატოს სამჯერ), ჩავზილოთ ზეთიანი ხელით და ისევ ვაცალოთ ამოსვლა. მესამე ჩაზელვაზე დავამატოთ ქიშმიში ან ცუკატები და კიდევ ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელით.

მოვამზადოთ ფორმები: ჩავუფინოთ ძირში პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ირგვლივ და ძირზე ზეთი.

დავიწყოთ ცომის ჩადება ფორმებში: ზეთიანი ხელით ამოვაგუნდავოთ ცომი, ჩავდოთ ფორმაში-ცომმა უნდა შეავსოს ყალიბის მესამედი. ცომი კარგად შემოვამრგვალოთ ხელით და ფორმები დავდგათ თბილ ადგილას. ყალიბებს თავზე სუფთა ტილო გადავაფაროთ.

როცა ცომი ყალიბებეში კარგად ამოვა, შევაწყოთ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-50 წუთი(გააჩნია ყალიბის ზომას). გამოღებიდან ათი წუთით ადრე პასკებს თავზე წავუსვათ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.

გამომცხვარი პასკები გამოვიღოთ ღუმელიდან, დავაწყოთ სველ ტილოზე და გავაგრილოთ. ფრთხილად შემოვხსნათ დანით გვერდები და გამოვიღოთ ყალიბიდან. კარგად გავაციოთ, შემდეგ კი ჩავაწყოთ თავდახურულ ემალის ქვაბში.

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა