დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი - ბოლო ცნობები საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

6 გარდაცვლილი და 5 დაჭრილი - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. ყოფილმა სამხედრომ შუაღამისას საკუთარი სახლის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. იერიში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ადგილზე მოქალაქეების მიერ 112-ში დარეკვის შემდეგ მივიდა.

ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოხდა, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

უწყების განცხადება ვრცლად:

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი ხუთი ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მეტის ნახვა