საქართველოს მოქალაქე კლუბში მანქანით შეიჭრა - პოლონეთის პოლიციამ კაცი დააკავა

დაკავება პოლონეთში

პოლონეთის პოლიციამ დააკავა 25 წლის ქართველი, რომელიც შურისძიების მიზნით ღამის კლუბში მანქანით შეიჭრა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მას გასართობი ობიექტი დაატოვებინეს.

შენობაზე მიყენებული ზარალი 50 000 ზლოტად შეფასდა. გარდა ამისა, ქართველი იქვე გაჩერებულ ორ მანქანას დაეჯახა, რამაც 800 და 3000 ზლოტის ზარალი მიაყენა.

"25 წლის ახალგაზრდას სთხოვეს დაეტოვებინა ერთ-ერთი კლუბი ლოძის ცენტრში, მისი აგრესიული ქცევისთვის. როცა ის შენობიდან გაიყვანეს, დაცვის თანამშრომლებს ცემით დაემუქრა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაბრუნდა მანქანით, რომელიც რამდენჯერმე დააჯახა დისკოთეკის კარებსა და გვერდითა ფანჯრებს, მან იქ მდგარ ადამიანებს სერიოზული ზიანი მიაყენა“, - განაცხადა პოლიციამ.

შემთხვევა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა. მაშინ დამნაშავემ ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა. რამდენიმე დღის წინ კი, როცა პოლონეთში ბრუნდებოდა, ის დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეს უკვე წაუყენეს არაერთი ბრალდება, მათ შორის, პირის საფრთხეში ჩაგდება, მანქანის უნებართვოდ გამოყენება, დანაშაულებრივი მუქარა და ქონების განადგურება, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა