ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა - რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა.

"მე ხელს ვაწერ კანონპროექტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან მექანიზმს ჩვენს მცდელობებში, მხარი დავუჭიროთ უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს თავიანთი ქვეყნის და დემოკრატიის დასაცავად, პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ომი არის სასტიკი. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებს კანონპროექტის მიღებისთვის და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა მას - ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტია" - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა საშუალება ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

მეტის ნახვა