შუახევში მოკლული ქალის ახლობლებმა კლინიკაში მყოფი ბრალდებულის პალატაში შეჭრა სცადეს

რეფერალური

ფოტო: ია გოლიაძე

ამ წუთებში, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში ხალხმრავლობაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სამართალდამცავების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შუახევში მოკლული ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შეჭრა სცადეს.

ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცის პალატაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ შეაჩერა. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა სამართალდამცავები კვლავ რჩებიან. ფაქტის თვითმხილველებმა მომხდარზე კამერებთან საუბარი არ ისურვეს.

ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, ფემიციდის ფაქტი შუახევში ორი დღის წინ მოხდა. ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც თვითდაზიანებები მიიყენა. იგი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშია მოთავსებული. 

მეტის ნახვა