შიმშილისთვის განწირული მარტოხელა დედა

უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა დედა, რომლის ყოველდღიურობაც შვილის გადარჩენისთვის ბრძოლაა. 47 წლის ქალი, უკრაინიდან საქართველოში წლების წინ, სულ სხვა გეგმებით ჩამოვიდა, თუმცა დღეს, 6 წლის ვაჟთან ერთად მძიმე პირობებში ცხოვრობს. მარინა დრუზიკს არც მოქალაქეობა აქვს და არც ბინადრობის ნებართვა. ამის გამო, ვერც სამსახურს იწყებს და არც სახელმწიფო სერვისებზე მიუწვდება ხელი. მისი ერთადერთი იმედი ხალხის მხარდაჭერაა. მარტოხელა დედა, სოფელ აგარაში, საბჭოთადროინდელ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს.

ეს პატარა შენობა, სოფელ აგარაში,  წლების წინ, ვეტერინარულ კლინიკას წარმოადგენდა. ახლა აქ, მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკრაინელი მარტოხელა დედა ცხოვრობს. 47 წლის მარინა დრუზიკის ყოველდღიურობა იმდენ სირთულეს უკავშირდება, ჩვენთან საუბრის დაწყება უჭირს. ამბობს, რომ ყოველი დღე შვილის გადარჩენისთვის ბრძოლაა.

6 წლის გიორგისთან ერთად, ქალი უკიდურეს გაჭირვებაში, ამ ორ ოთახში ცხოვრობს. სახლში არც სამზარეულოა და არც საპირფარეშო. უფრო მეტიც, მარტოხელა დედა-შვილი ელექტროენერგიის გარეშეა. ჭურჭელს და ტანსაცმელს, შენობის გვერდით არსებულ მდინარეში რეცხავს. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ქალი გვეუბნება, რომ ერთადერთი მოტივი სიცოცხლის გასაგრძელებლად, გიორგია.

წლების წინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა, სხვა გეგმები ჰქონდა. დაიწყო მუშაობაც, თუმცა, ახლა უკვე ამასაც ვერ ახერხებს. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის ნებართვა არ აქვს, სახელმწიფო სერვისებთან წვდომაც ეზღუდება. ბავშვი ვერც ბაღში მიჰყავს და ვერც სოციალური დახმარებით სარგებლობს. უკიდურესად გაჭირვებული ქალი, მხოლოდ, კეთილი ადამიანების დახმარების იმედადაა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამშობლოში უფროსი შვილი, დედა და ძმა დარჩა. მარტოხელა ქალმა, ისიც კი არ იცის, ცოცხლები არიან თუ არა მისი ოჯახის წევრები.

სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დახმარების საშუალებას კანონმდებლობა არ იძლევა. მარტოხელა დედა-შვილისთვის მინიმალური დახმარებაც კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვისაც გსურთ და შეგიძლიათ მათი მხარდაჭერა,  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ნახვა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში, ყოფილი ვეტერინარული კლინიკის  შენობაში შეგიძლიათ. 

მეტის ნახვა