სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს

რამდენად საფუძვლიანად ახდევინებენ თურქეთის საზღვარზე სატვირთო ავტომობილების ქართველ მძღოლებს ჯარიმებს? ფულადი გადასახდელების კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ თვითდასაქმებულებს. 50-მდე მოქალაქემ დღეს, საპროტესტო აქცია ადლიაში გამართა. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ დავალიანებას დაუსაბუთებლად აკისრებენ, რამაც უკვე პერმანენტული სახე მიიღო. მძღოლებს კიდევ რამდენიმე პრეტენზია აქვთ. ადგილზე მისული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეკრებილებს დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნება.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქული მხარის მიერ დაწერილი ჯარიმების კანონიერების მოკვლევაა. თვითდასაქმებულები ამტკიცებენ, რომ ძველ გადასახადებს ახლა უსაფუძვლოდ აკისრებენ. ამბობენ, რომ პრობლემამ თავი განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში იჩინა.

ხშირ შემთხვევაში, ერთჯერადად გადახდილი ჯარიმის ოდენობა 30 ათას ლირამდეა. მძღოლების მტკიცებით, სოლიდური თანხის გადახდას საზღვრის ყოველი კვეთისას აიძულებენ, პირობები კი იმდენად მძიმეა, რომ მუშაობაზე უარს მალე თავად იტყვიან და შემოსავლის გარეშე დარჩებიან. მათივე თქმით, თურქული მხარე, ძველი ჯარიმების დაკისრებას იმით ასაბუთებს, რომ სისტემა ახლახან გაიმართა.

დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, ჯარიმების კანონიერების მოკვლევა ერთადერთი მოთხოვნა არ იყო. სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საზღვარზე შექმნილი გრძელ რიგები  და უყურადღებო პერსონალიც გააპროტესტეს. პრეტენზიები ჰქონდათ გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით.

გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსგავს პირობებში ქართული ლოჯისტიკა, მალე, ჩამოიშლება. ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ ყველა პასუხისმგებელ უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

დღევანდელი მოთხოვნა ქვეყნის მთავარ ფინანსისტთან შეხვედრა იყო, თუმცა, მათთან სალაპარაკოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მივიდა.

ჯაბა ფუტკარაძემ ვერ დააკონკრეტა, რა ფორმით შეეხება ძველ ჯარიმებს ამნისტია: სრულად თუ ნაწილობრივ. რეგიონის მთავარმა ფინანსისტმა ვერც ის თქვა, როდის გადაწყდება სატვირთო ავტომობილების მძღოლების პრობლემები.

მეტის ნახვა