საბილბორდე სვეტების სახეცვლილება თვითნებურად

მწვანე შუქი უკანონობას - ბათუმში, კერძო კომპანიამ საბილბორდე სვეტების სახეცვლილება თვითნებურად განახორციელა. საუბარია შპს „ლიბოზე“, რომელმაც გარე რეკლამისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე გააფართოვა. არადა ნებართვა ბათუმის თვითმმართველობას უნდა გაეცა. უწყებამ უკანონობაზე საქმისწარმოება უკვე დაიწყო, თუმცა კონკრეტულად როდის, დადასტურებული ინფორმაცია ვერ მივიღეთ.  ია გოლიაძე ესაუბრა ლიცენზიის გამცემსაც, რომელიც ადასტურებს, რომ საბილბორდე სვეტების სახეცვლილება შპს ლიბოს ხელმძღვანელობამ კანონის გვერდის ავლით მოახდინა.

შპს „ლიბოს“ სარეკლამო ბანერების კონსტრუქციები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილზეა განთავსებული. ქალაქის შემოსასვლელში - საბაგიროსთან, „კარფურთან“, ასევე, აეროპორტის მიმდებარედ. ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს, ალბათ შენიშნავდა, რომ აქამდე რეკლამისთვის გამოყოფილი კონტრუქციები ასე გამოიყურებოდა.  რამდენიმე დღის წინ, კი  ღამით, როცა მთელ ქალაქს ეძინა, კომპანიის ხელმძღვანელობამ თვითნებურად, გარე რეკლამისთვის განკუთვნილი რკინის საყრდენები ბეტონით ჩაანაცვლა. შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ. უკანონობაზე რეაგირება ამ დრომდე არავის მოუხდენია.

საქმიანობა რომ კომპანიამ უნებართვოდ განახორციელა, ეს მარტივად გავარკვიეთ. შპს ლიბოს 50 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მუხრან ავალიანია. ავალიანი „მაცნესთან“ საუბრისას ამბობს, რომ გარე რეკლამისთის განკუთვნილი კონსტრუქციის გაზრდის ნებართვა ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ლიბოს ხელმძღვანელმა ისიც გვითხრა, რომ ნებართვის ნაწილი მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა. „ლიბოს“ დირექტორმა ესეც მოგვატყუა.

შპს „ლიბოს“ მესაკუთრემ და დირექტორმა მეტი დამაჯერებლობისთვის გვითხრა, რომ გარე რეკლამისთვის განკუთვნილი კონსტრუქციის გაფართოების ნებართვის დამადასტურებელ დოკუმენტს მოგვაწვდიდა. ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა. ელექტრონულ ფოსტაზე, ამ მდრომდე, მსგავსი არაფერი მიგვიღია.

სარეკლამო ბანერების კონსტრუქციებზე ლიცენზიის გამცემი კომპანია შპს „აჯადია“. ამ უკანასკნელს ამირან ბეჟანიძე ხელმძღვანელობს. იმისთვის, რომ შპს „ლიბოს“ საბილბორდე სვეტის სახეცვლილება კანონიერად მოეხდინა, ამ უკანასკნელისთვის უნდა მიემართა. ამირან ბეჟანიძე კი გვეუბნება, რომ მუხრან ავალიანის კომპანიას მისთვის მსგავსი არაფერი უთხოვია. დასტურდება, რომ კომპანა „აჯადის“ გვერდის ავლით, ავალიანის ქმედება უკანონოა. მიმდინარე წლის იანვარში არც  ბათუმის საკრებულო ფუნქციონირებდა, შპს ლიბოს მსგავსი ნებართვა რომ მიეღო.

ბეჟანიძემ მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ლიცენზია შპს ლიბოს თავის დროზე, ბილბორდების კონტრუქციის იმ ფორმით განთავსებაზე მისცეს, რა ფორმითაც ადრე იყო, ანუ არა ბეტონის.  გადავამოწმეთ მერიაშიც, აღმოჩნდა, რომ არც უწყების არქიტექტურის სამსახურია საქმის კურსში. უკანონობაზე საქმისწარმოება მუნიციპალურმა ინპექციამ დაიწყო, თუმცა როდის, არ დაგვიკონკრეტეს.

ხომარ მფარველობს კერძო კომპანიის უკანონო ქმედებას სახლისუფლებლო გუნდის რომელიმე წევრი ან რატომ ვერ შენიშნა აქამდე თვითმმართველობამ საბილბორდე სვეტების სახეცვლილება? ამის მტკიცება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ქალაში უკანონობას მწვანე შუქი დიდი ხანია ანთებული აქვს. 

მეტის ნახვა