ახალი ამბები • 1651678154
რატომ არ არის სტუდენტებში საპროტესტო მუხტი?
თუ კი თვალს ისტორიას გადავავლებთ, ქართული სახელმწიფოს არსებობისთვის გადამწყვეტი მოვლენები სტუდენტებზე იდგა. მაგალითად, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები ან თუნდაც, 1991 წლის 9 აპრილის ქრონოლოგია. ახალგაზრდებს, ნებისმიერ აქციაზე დღესაც შეხვდეთ, თუმცა ორგანიზებულად, ცვლილების მისაღწევად გამოსული სტუდენტები დიდი ხანია აღარავის უნახავს. რატომ არ არის მათში საპროტესტო მუხტი? ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ, ცვლილებების მოხდენის ინიციატივებს მოკლებულ რეგიონსა და მდუმარე, ერთ-ერთ ყველაზე დიდ, სამოქალაქო ძალაზე თამარ კიკნაძე გიამბობთ.
როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ვკითხეთ, პასუხები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მათ ისაუბრეს, დასაქმების პრობლემაზე, სოციალურ ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, მუნიციპალურ დონეზე არსებულ გამოწვევებზე და სხვა საკითხებზე. რეალური ცვლილებებისთვის კი, მაინც ნაკლებად ირჯებიან.
დიმიტრი, ჟურნალისტის პროფესიას ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ეუფლება. ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად, ცვლილება განათლების სისტემას სჭირდება, თუმცა, ამისთვის არ იბრძვის. აქციაზე რამდენჯერმე იყო გასული. აქედან, ერთხელ დავალების შესასრულებლად. რატომ პასიურობენ ახალგაზრდები? ამბობს, რომ სტუდენტებს გარკვეული შიში აქვთ.
ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ იქ არიან, სადაც საჭიროა და აკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. რა არის ასეთი სწორი დღეს? მათი თქმით, დღეს, პრიორიტეტი რუსეთის ომია უკრაინაში და უკრაინელების დახმარებისთვის იბრძვიან.
მალხაზ ნაკაშიძე ბსუ-ში ლექციებს წლებია კითხულობს. ამბობს, რომ პირველკურსელები საკმაოდ ჯანსაღად აზროვნებენ, თუმცა, შემდეგ, რაიმეს შეცვლას აღარ ცდილობენ. ლექტორის თქმით, სტუდენტებს, სავარაუდოდ, ფინანსური შეღავათების დაკარგვა აშინებთ და თრგუნავთ კონტროლი, რომელიც მათზე ვრცელდება. შეფასება, რომ სტუდენტები ახალი და ძლიერი ძალაა ქვეყნისთვის, ქართულ რეალობაში, აღარ ამართლებს, - ამბობს ბსუ-ს კიდევ ერთი ლექტორი, გია მასალკინი
რომელ საჯარო უწყებაშიც არ უნდა შეიხედოთ, სურათი ერთნაირია. თანამდებობებზე ახალ კადრს, თითქმის, ვერ დაინახავთ. ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ერთ-ერთ მიზეზს, სწორედ, აქ ხედავს, რის გამოც, ახალგაზრდებს ბრძოლა აღარ სურთ. თამარ მამეიშვილი ამბობს, რომ მათ, მხოლოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და თუ ვინმე საჯარო უწყებაში შეღწევას შეძლებს, გუნდის ნაწილი ხდება. ასეთი მოცემულობის ფონზე, ახალგაზრდების უმეტესობა, ქვეყნის დატოვებას და პირადი კეთილდღეობის შექმნას ცდილობს.
საბოლოოდ, მაინც ყველა იმ აზრამდე მიდის, რომ ადამიანებმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ და თავისუფლების ფასი ისწავლონ.
1651582689
1651576220
1651575666
1650535120

















