რას ფიქრობს ხალხი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე? - გამოკითხვა

გაშვებული შანსი და მოსახლეობა მორიგი შესაძლებლობის მოლოდინში. რატომ გვეთქვა უარი ვიყოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ან რას უნდა ველოდოთ ექვსი თვის შემდეგ. აქვთ თუ არა ადამიანებს ხელისუფლებისგან,  ქმედითი ნაბიჯების გადადგმის იმედი. . მთავარ გამოშვებაში მოისმენთ მოქალაქეების მოსაზრებებს.

ბევრისთვის ევროსაბჭოს უარი დამსახურებულია. ამბობენ, რომ პასუხი ყველასთვის ადეკვატურია გარდა საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც რეალურად აქვს გააზრებული, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახთან დაახლოება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში საერთო აზრი არ არის და მიზანთანაც ეს გვაშორებს.

და მაინც, რამდენადაც რეფორმებზე და დემოკრატიის ხარისხზე პასუხისმგებელი მაინც ყველაზე მეტად ხელისუფლებაა, ადამიანების დიდი ნაწილიც მიღებულ უარს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობად მიიჩნევს. ამბობენ, რომ წყალს მუდმივად ამღვრევენ და შედეგიც ამის დადასტურებაა.

ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, რომ პოლარიზებული გარემოს გარღვევა, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და რომ მონდომება ორივე მხარეს აკლია.

ვიღაც, ცალსახად ოპოზიციის ბრალეულობაზე საუბრობს, თუმცა არ აქვს პასუხები კითხვებზე, რა შეეძლოთ ხელისუფლების ოპონენტებს და რა არ გააკეთეს შედეგის მისაღწევად.

ვერ თუ არ ვასრულებთ რეალურად მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირი, წევრობისთვის თუ კანდიდატად დასახელებისთვის გვიყენებს, ჩვენს მიერ შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ევროპა დაშვებულ შეცდომებს არ გვპატიობს, რომ არ გვაქვს დასავლური მენტალიტეტი და გვაკლია რწმენა. ახალგაზრდები კი მაინც ერთ დასკვნამდე მიდიან - ეს განათლების დაბალი დონეა, რის გამოც, მათი თქმით,  ვერ ვიაზრებთ, რატომ არის კარგი ევროპა და რას ნიშნავს მისი წევრობა.

ვიმსახურებთ თუ არა ევროპას, ან დამსახურებული იყო თუ არა მიღებული უარი, აზრები განსხვავებულია. აზრთა სხვადასხვაობაა იმაზეც, რამდენად მოვინდომეთ და ვეცადეთ შედეგის მიღწევას, მაგრამ ფაქტი ერთია - ჩვენს მიერ გამოკითხულ აბსოლუტურად ყველა რესპონდენტს სურს ევროპა. და მაინც, ამ სურვილის მიუხედავად მოლოდინი პესიმისტურია.

იმისთვის, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ და გადავდგათ მორიგი ნაბიჯი ევროპისკენ, ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობას მნიშვნელოვნად მიაჩნია, ბრძოლაში ყველა ერთად ჩაერთოს, განსაკუთრებით კი საზოგადოება, რომელმაც ხელისუფლება უნდა აიძულოს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

მეტის ნახვა