რა უნდა იყოს საქართველოში უფასო? - გამოკითხვა

მძიმე სოციალურ ფონზე საქართველოში, ხალხის ნაწილს ყოველდღიურ რეჟიმში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. ასობით ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. უკიდურესად გაჭირვებულებს საკვები პროდუქტების ყიდვაც კი უჭირთ. რა საჭიროებები აქვთ მოქალაქეებს და რა უნდა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი? TV 25-მა დღეს ამ მიმართულებით ბათუმის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა.

მოქალაქეები საქართველოს მთავრობის მხრიდან საზოგადოების მიმართ არსებულ გულგრილობაზე საუბრობენ. შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ ხალხის გასაჭირი გულთან აღარავის მიაქვს.

ყურადღებას გაძვირებულ ცხოვრებასა და არახელმისაწვდომ ფასებზე ამახვილებენ.

რა უნდა იყოს უფასო ან ხელმისაწვდომი? ამ კითხვაზე, მოქალაქეებს, თითქმის, ერთნაირი პასუხები აქვთ. უმრავლესობა ყურადღებას მედიკამენტებზე ამახვილებს. ამბობენ, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლების ფასი მათ შემოსავალს აღემატება. საუბრობენ სამედიცინო მომსახურების გაიაფების აუცილებლობაზეც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია მომსახურების დონის გაუმჯობესებაც, რათა ხალხს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა არ დასჭირდეს.

საზოგადოების უმრავლესობის აზრით, საკვებ პროდუქტებთან ერთად, საწვავის ფასიც უნდა გაიაფდეს. იტოვებენ იმედს, რომ თუ კი ეს საკითხი  დარეგულირდება, ფასების კლება, ჯაჭვური პრინციპით მოხდება.

გამოკითხულთა შორის, შეგხვდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელმისაწვდომობის კუთხით, პრიორიტეტად განათლება დაასახლეს. ამბობენ, რომ უმაღლესი განათლების მიღებას, ბევრი ახალგაზრდა, კოლოსალურად მაღალი გადასახადების გამო, ვერ ახერხებს. საუბრობენ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმცირეზეც.

და მაინც, რა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, იაფი ან უფასო? - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცხოვრების დონე ვითარდება, საქართველოში  მოქალაქეების საჭიროებები  პროგრესს არ განიცდის. ჩვენს ქვეყანაში, ადამიანების უპირველესი საზრუნავი, კვლავ, ლუკმა პურის  შოვნა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ხელმისაწვდომობაა.

მეტის ნახვა