რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ პირები ხელვაჩაურში? გამოწვევებზე ანა ბარათაშვილი გვესაუბრა

რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ პირები ხელვაჩაურში და როგორია მათი ყოველდღიურობა? როგორც აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტში არსებული გარემო სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანთა მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი სოფელ სალიბაურში იმყოფებოდა, სადაც ვიწრო ქუჩების გამო, ეტლით მოსარგებლეებს გადაადგილება უჭირთ. ამას გარეგანათებისა და ტრანსპორტის არ არსებობაც ემატება. გამოწვევებზე ანა ბარათაშვილი გვესაუბრა.

ეს აბრა იმაზე მიანიშნებს, რომ სოფელ სალიბაურში შშმ პირი ცხოვრობს. ვინაიდან, დასახლებაში, ეტლით მოსარგებლეთათვის ტროტუარები არ არსებობს, ანა ბარათაშვილის ოჯახმა მანიშნებელი, მძღოლებისთვის, ვიწრო ქუჩებში სიფრთხილით გადაადგილებისთვის დაამაგრა.

ანა გვიყვება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა თუ ბათუმში, მისთვის დამოუკიდებლად გადაადგილება დიდი გამოწვევაა. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა შშმ პირთა საჭიროებებს ვერ პასუხობს, მუდმივად, დამხმარე  ადამიანი სჭირდება. ამას ისიც ემატება, რომ სოფელში სადაც ცხოვრობს, გარე განათება, მხოლოდ, ცენტრალურ გზაზეა, სახლში მისასვლელად კი, ფარანი სჭირდება.

ყველაფერს არადააპტირებული ტრანსპორტიც ემატება. სალიბაურში, მხოლოდ, ერთი, სამებისკენ მიმავალი მუნიციპალური ავტობუსი გადაადგილდება. 29 წლის ანა ყვება, რომ პრობლემაზე 7 წელია საუბრობს, თუმცა, უშედეგოდ. თვლის, რომ ხელისუფლებისთვის შშმ პირთა საჭიროებები პრიორიტეტი არაა და  უფლებები ეზღუდებათ.

ანა მწერალია. გვიყვება, რომ განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის სურს, პოეზიის საღამოებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე ხშირად იაროს. ტრანსპორტირების პრობლემების გამო კი, ამას ვერ ახერხებს.

გაითვალისწინებს თუ არა ხელვაჩაურის მერია, ანა ბარათაშვილის სურვილს და შშმ პირთა საჭიროებებს კონრეტულ დასახლებაში? უწყებაში წერილობით გვიპასუხეს, რომ მერია როგორც ტრანსპორტის ადაპტირებაზე, ასევე, სოფელში გარეგანათების მოწყობაზე მუშაობს. პროექტები, როგორც წერილში ირწმუნებიან, 2023 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

მეტის ნახვა