რა მოხდა "რეტროში" - მხარეთა პოზიციები

ბათუმში, რესტორანი "რეტრო“ 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. კვების ობიექტში შრომის ინსპექციამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა აღმოაჩინა. კომპანიას საქმიანობის პროცესი შეუჩერდა. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა ვიდეო, სადაც ობიექტის მფლობელი მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს. მომხდარის გამო და პროტესტის ნიშნად, დაწესებულება 15-მა დასაქმებულმა დატოვა.

რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან კვების ობიექტი დახურული იყო. წამოსულ თანამშრომლებს შორის არიან მზარეულებიც.  მათი ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა.

რესტორანში დაპირისპირების მიზეზი, ხელმძღვანელის მხრიდან, რუსი თანამშრომლების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება გახდა. სათათბიროდ შეკრებილი დასაქმებულების მხრიდან, საკუთარი აზრის დაფიქსირებისთანავე, ხელმძღვანელი გაღიზიანდა.

ძალადობის დამადასტურებელი კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს, როგორ ჰკრავს ხელს თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს და კარებში აგდებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით, გამოძიება, გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო. თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებულების ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც უთანხმოებას იწვევდა. ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები უტოვებენ მიმტანებს. მისივე მტკიცებით, რესტორნის თანამშრომლებმა, თეიმურაზ ვარშანიძეზე, თავად იძალადეს.

საპირისპიროს ამბობს თემო მგზავრიძე. მისი თქმით, უფროსმა მასზე ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, ვარშანიძეს თანამშრომლები ჯგუფურად დაესხნენ, იგი უარყოფს და ამბობს, რომ ისინი, მხოლოდ, თავდაცვისა და მოგერიების რეჟიმში იყვნენ.

თანამშრომლები ამბობენ, რომ უფროსის მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვები, ხშირად, ისმოდა, რასაც შემოსავლის დაკარგვის შიშით ეგუებოდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის შემდეგ, სახაჭაპურეში,  შრომის ინსპექცია შევიდა. მაკონტროლებელმა ორგანომ, კვების ობიექტი  30 ათასი ლარით დააჯარიმა. უწყების ინფორმაციით, უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რესტორანს საქმიანობის პროცესი შეუჩერდა. ბექა ფერაძის განაცხადებით, შეისწავლეს, როგორც აჭარის, ასევე, თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში, კომპანიის კუთვნილი 3 ობიექტი, დარღვევების საფუძველზე, სამივე მათგანს, საქმიანობის პროცესი შეუჩერდა.

მეტის ნახვა