ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა ისევ ძვირდება

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით, მგზავრობა ისევ ძვირდება. 10 აპრილიდან 2.5-იან ტარიფს 50 თეთრი დაემატება და ღირებულება 3 ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილებას მძღოლები საწვავის გაძვირებით ხსნიან. ბოლო ორ კვირაში, მგზავრთა გადამყვანმა კერძო კომპანიამ საფასური თვითნებურად უკვე მეორედ გაზარდა. საკითხის რეგულირებაში უძლურია ქობულეთის თვითმმართველობა.

მძღოლებს სხვა გზას საწვავზე მომატებული ფასები არ აძლევთ. იძულებულები არიან ქობულეთი -ბათუმის მიმართულებით მგზავრობა, კიდევ 50 თეთრით გააძვირონ. მიკროავტობუსებში შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოაკრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 10 აპრილიდან, ზღვისპირა ქალაქებს შორის გადაადგილება 3 ლარი დაგიჯდებათ.

მძღოლების ნაწილმა შექმნილი სურათის გამო მიკროავტობუსი უკვე გააჩერა, მიზეზებზე საუბრის ნაცვლად კი,  ბენზინგასამართ სადგურებზე  გადაგვამისამართა. გვითხრეს, რომ ტაბლოზე არსებული ციფრები სათქმელს თავად იტყვის.

გაძვირებული ტარიფით იძულებით მგზავრობა უწევთ მოქალაქეებს. ფასებს აპროტესტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ტაქსით გადაადგილების ფუფუნება არ აქვთ. პანდემიის შედეგად გაღარიბებულ ქვეყანაში, მძიმე სოციალურ ფონზე, ადამიანები ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ კითხვებით მიმართავენ.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას შპს „ხუტა“ უზრუნველყოფს. კერძო კომპანიის ხელმძღვანელი ფასების ზრდას ბაზრის მოთხოვნებს და ხარჯებს უკავშირებს.  რეზო ხინიკაძე ამბობს, რომ  ღირებულების გაზრდა მძღოლებმა ერთხმად მოითხოვეს.

თავის მართლების პროცესში იკარგება პასუხი მთავარ კითხვაზე: რა უნდა ქნან მძღოლებმა და მგზავრებმა, რომლებსაც სერვისის მიწოდება და მიღება ერთნაირად უძვირდებათ? ოპოზიციაში მთავარ პრობლემად იმას ხედავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ნორმალურ  ალტერნატიულ ვარიანტს ვერ სთავაზობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამაში მუნიციპალურ ავტობუსებს გულისხმობს.

საკითხის რეგულირებაში უძლურია ქობულეთის თვითმმართველობა. მერია თავს იმით იმართლებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქალაქთაშორისო მარშრუტს ვერ გააკონტროლებს, რადგან ამის საშუალებას კანონმდებლობა არ იძლევა. რა ბერკეტით ეცდება უწყება ფასების კორექტირებაში ჩარევას? დავით ვერულიძე ამბობს, რომ ღიად დარჩენილი საკითხი სამომავლოდ აუცილებლად მოგვარდება.

ქობულეთი-ბათუმის საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით, რამდენიმე კვირის წინაც გაძვირდა.

მეტის ნახვა