ქვეწარმავლების ბუდედ ქცეული ხახულის ქუჩა - რა მდგომარეობაა ადგილზე?

„მაცნე“ „მოუვლელი ბათუმის“ შესახებ რეპორტაჟების სერიას აგრძელებს. ჩვენს ობიექტივში დღეს, ხახულის ქუჩა მოხვდა, რომელიც ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. მიზეზი რამდენიმე წლის განმავლობაში გაუწმენდავი ხახულის არხია. ტერიტორიაზე მრავალადაა გარეგანათებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას მათი ხმა არ ესმის.

ქვეწარმავლებმა ბუდე ხახულის არხში მოიწყვეს. იმ ტერიტორიტორიაზე, სადაც მჭიდრო დასახლებაა. ადგილზე, ვითარება კატასტროფულია. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლაც კი, აშინებთ, თუმცა, არც იმისგან არიან დაზღვეულნი, რომ გველი ერთ დღესაც, რომელიმე მათგანის სახლში შეაღწევს. ტერიტორიის გასაწმენდად, ქალაქის მერიას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა, უწყებას რეაგირება არცერთხელ მოუხდენია.

ტერიტორიაზე, არც საგზაო ინფრასტრუქტურაა მოწესრიგებული. ამორტიზებულია გზაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლებას ქალაქი, პირობითად ჰქვია, რადგან, მათი თქმით, ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი, უკეთესი მდგომარეობაა.

მოუწესრგიბელ დასახლებაში, ამორტიზებულია სამანქანე გზასთან დაკავშირებული ხიდებიც. კონსტრუქციები იმდენად ავარიულია, რომ მასზე გადასვლაც საფრთხეს წარმოადგენს.

დასახლებაში გარეგანათების პრობლემაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე გაყვანილობის ბოძები დგას, შუქი მაინც, მუდმივად ითიშება. თვითმმართველობას თავს მუდმივად ახსენებენ, თუმცა, თავიანთი პრობლემებით, ხელისუფლებას ვერცერთი წარმომადგენელი დააინტერესეს.

ხახულის ქუჩა ბათუმს ეკუთვნის. რამდენად შეეფერება ტურისტული ქალაქის იერსახეს არსებული ტერიტორია, თავად განსაჯეთ. 

მეტის ნახვა