ახალი ამბები • 1769693544
"მიწა აღარაა, ჩაკეტილები ვართ, მანქანა ვერ მოძრაობს" - ქობულეთში, მეწყერი ჩამოწვა
უამინდობა ქობულეთში - ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ზედა აჭყვაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ინფორმაციას TV25.GE-ის ადგილობრივები აწვდიან.
ერთ-ერთი მოქალაქე გვიყვება, რომ ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია, რადგან ტრანსპორტის გადაადგილების შემდეგ, ასფალტის საფარმა დაიწია.
"მანქანამ გაიარა და გზა სულ ჩაიწია, ასფალტის ქვემოთ მიწა აღარაა, წაღებულია სულ, ჩაკეტილები ვართ", - გვწერს მოქალაქე ოფიციალურ გვერდზე.
ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ტერიტორია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. უწყების ცნობითვე, ფაქტზე უკვე ინფორმირებულები არიან.
თავად დეპარტამენტში კი აღნიშნეს, რომ ტერიტორიას მალე გადაკეტავენ და ფერდსამაგრ კედელს მოაწყობენ. სამუშაოების პროცესში მოსახლეობა ალტერნატიული გზით ისარგებლებს. 























