კომპენსაცია ან განსახლება - მახინჯაურში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კომპენსაცია ან განსახლება - მახინჯაურში მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ჰორტენზიის პირველ ჩიხში, 11 ოჯახი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. ავტობანის მშენებლობით დაზარალებულები ითხოვენ, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა ზიანი აუნაზღაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.

ეს სურათი გოგიბერიძების ოჯახში 2018 წელს შეიქმნა. გვერდით დაწყებულმა ავტობანის მშენებლობამ სახლზე ბზარები გააჩინა. 12 ნომერში მცხოვრები გვიყვება, რომ მის საკარმიდამო ნაკვეთთან დაყრილმა მიწის მასამ ეზოს დეფორმირება გამოიწვია. იმის გარდა, რომ შენობას ნაპრალები აქვს, უამინდობისას მუდმივად დატბორვის საფრთხეა. ოჯახის წევრებმა ქირით საცხოვრებლად გადასვლა  ბათუმში არჩიეს. ამირან გოგიბერიძე შექმნილი მძიმე სიტუაციის გამო, ვერც ტურისტების მიღებას ახერხებს. ამბობს, რომ ზარალი დიდია.

იდენტური პრობლემები აქვს ჩიხში მცხოვრებ კიდევ 10 ოჯახს. თითქმის ყველა საცხოვრებელი  ავტობანიდან დაახლოებით 35-დან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობით გამოწვეული რხევები სახლებისთვის დიდი რისკია, თავის დროზე, 2018 წელს, მშენებლობის დაწყებამდე კვლევის განსახორციელებლად, ადგილზე არავინ მისულა. ამას ადგილობრივები ამტკიცებენ.

ტერიტორია ტურისტულ ზონას წარმოადგენს, თუმცა ავარიულ სახლებში დასვენებაზე ქალაქის სტუმრები  2018 წლის შემდეგ უარს ამბობენ. მოსახლეობა ამ მიმართულებითაც ზარალს განიცდის. დახმარებისთვის ყველა უწყებას მიმართეს, თუმცა რეაგირებას ამ დრომდე არავინ ახდენს. ითხოვენ განსახლებას ან კომპენსაციას

საპროტესტო აქციას უფლებადამცველის ვიზიტის გარეშე არც დღეს ჩაუვლია. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ადეკვატურ მოთხოვნებზე ხელისუფლებისგან არარელევანტურ პასუხებს იღებენ. დღევანდელ შეკრებაზე სამომავლოდ მასშტაბური საპროტესტო აქცია დაანონსდა.

განიხილავს თუ არა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტმანტი მახინჯაურში მცხოვრებლების მოთხოვნებს?  უწყებაში გვითხრეს, რომ ყველა ოჯახი დაკმაყოფილებულია და სახლებზე ბზარები ავტობანზე მიმდინარე მშენებლობას არ უკავშირდება.

ავტობანის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფოლადი ახორციელებს.სამუშაოების მისამართით, პრეტენზიები კიდევ რამდენიმე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, მათ შორისაა: სალიბაური, განთიადი, მახვილაური და ქვედა სამება.

მეტის ნახვა