გაზიფიცირება, წყლის სისტემა, გარე განათება და საგზაო ინფრასტრუქტურა - 5 სოფლის მოსახლეობის მოთხოვნები

მახო, ონტოფო, ზანაქეთი, სიმონეთი, დავითაძეები - 5 სოფლის მოსახლეობამ ხელვაჩაურის მერიასთან გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ. მათი თქმით, თუ კი დღევანდელ შეკრებას რეაგირება არ მოჰყვება, აჭარის მთავრობის სახლთან, პერმანენტული აქციებით გადაინაცვლებენ. უწყებასთან შეკრებილ მოქალაქეებს ზაზა დიასამიძე შეხვდა.

გაზიფიცირება, წყლის სისტემა, გარე განათება და საგზაო ინფრასტრუქტურა - ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, დღეს, ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყების შენობასთან 5 სოფლის მოსახლეობა მივიდა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა დასახლებებში შექმნილი ვითარების სიმწვავეზე ისაუბრეს და პასუხისმგებელი პირებისგან დროული რეაგირება მოითხოვეს.

მოქალაქეების მხარდასაჭერად აქციაზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძემ ხელვაჩაურის მერს შეახსენა, რომ იგი პოსტზე სწორედ ამ ადამიანების ნებითაა და უფლება არ აქვს მათი პრობლემები დაივიწყოს.

შეკრებილ მოსახლეობას ხელვაჩაურის მერი შეხვდა. მოქალაქეებმა ზაზა დიასამიძეს ჰკითხეს, თუ რა პერიოდში მოგვარდება მათი პრობლემები. მუნიციპალიტეტის მმართველმა ადგილობრივებს კონკრეტული ვადები ვერ დაუსახელა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქცია ისე დასრულდა, რომ მოქალაქეებმა ვერ მიიღეს ზუსტი პასუხი კითხვებზე, როდის გაუშვებენ გაზს წლების წინ გაყვანილ მილებში, როდის მოგვარდება წყლის მიწოდების პრობლემა და როდის მოაწყობენ სოფლებში გარე განათებას. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ თუ კი მოთხოვნებს გონივრულ ვადებში არ დაუკმაყოფილებენ, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

მეტის ნახვა