განხილვამდე 2 დღით ადრე, ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა

ბათუმის მერიამ ბულვარის განაშენიანების გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის საჯარო განხილვა, ხვალ მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია დაგეგმილი.  ბულვარის გენგეგმა მოცულობითია და მის შესწავლა-დაზუსტებას ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვე მოანდომა. დოკუმენტის მეორე ვარიანტი საზოგადოებისთვის ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ბათუმის მერიამ საჯარო განხილვა მისი გამოქვეყნებიდან 2 დღეში ჩანიშნა. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, დოკუმენტის შესასწავლად ეს დრო სპეციალისტებისთვისაც კი არ არის საკმარისი. ბულვარის დამცველები მიიჩნევენ, რომ განხილვა დოკუმენტის საჯაროობას ვერ უზრუნველყოფს და ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილია.

მოქალაქეებისთვის ბათუმის ბულვარის გენერალური გეგმის საჯარო განხილვამდე, ორი დღით ადრე, საკმაოდ მოცულობითი დოკუმნტის გაცნობა და სიღრმისეულად წაკითხვა, რომ შეძლებელია სადაო არავისთვისაა. გენგეგმის პირველი ვერსია საჯარო რამდენიმე თვით ადრე გახდა, თუმცა მეორე ვარიანტის ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას არ ჰქონია. თაკო მამეიშვილის თქმით, მერიას, დოკუმენტის გასაცნობად ბათუმელებისთვის გონივრული ვადა უნდა მიეცა.

ხვალინდელ განხილვაზე, დისკუსიის ფორმატის იმედი აქვს ირმა ზოიძეს. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ბათუმის მერიას თავად უნდა ეზრუნა, იმაზე მოქალაქეები და მესამე სექტორი რამდენიმე თვით ადრე გაცნობოდნენ დოკუმენტს. ზოიძის თქმით, საჯარო განხილვას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან თვითმმართველობისთვის განსხვავებული აზრი არაფერს ნიშნავს.

იგივე შეხედულება აქვთ საზოგადოებაში „ბათომი“. შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ხელისუფლება გენერალური გეგმის გათვალისწინებას არ აპირებს და მისი ვარაუდით, კორუფციული გზებით, არაკანონიერი ფულის კეთება გაგრძელდება.

დღემდე, ბათუმის მერიის ვებგვერდზე დოკუმენტი არ იძებნებოდა. რამდენად მისაღებია, როდესაც ქალაქის თვითმმართველობა ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საჯარო განხილვას გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ ნიშნავს? კითხვით უწყებას მივმართეთ. თუმცა, ჩვენი კითხვები, ტრადიციულად, უპასუხოდ დარჩა. 

მეტის ნახვა