ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში - რა მოხდა მოსწავლეებს შორის?

სიტყვიერიდან ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში, თანაკლასელებს შორის საგაკვეთილო პროცესზე დაწყებული კამათი ქუჩურ გარჩევაში გადაიზარდა. მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მოათავსეს. როგორია  მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რის გამო იჩხუბეს თანატოლებმა? ნინია მესხიძე გვიერთდება თემის დეტალებით.

ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გუშინ, დაპირისპირების დროს დაშავდა, ახლა სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" მიიყვანა. კლინიკური მენეჯერის განმარტებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ზედა ყბისა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნება. არასრულწლოვანს აქვს ტვინის შერყევაც, მსუბუქი ფორმით.

რის გამო იჩხუბეს ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა? თვითმხილველთა ინფორმაციით, მიზეზი მობილურის დამტენი გახდა. შელაპარაკება სკოლაში დაიწყო და გაკვეთილების დასრულების შემდეგ გაგრძელდა. დაშავებული მოსწავლის მშობელი ამბობს, რომ შვილს ფიზიკურად 25 ბიჭი გაუსწორდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება სკოლის პოზიციას, სასწავლო დაწესებულების პედაგოგების განმარტებით, ახალგაზრდები ერთმანეთს გაკვეთილები შემდეგ დაუპირისპირდნენ და ფაქტის გაგებისთანავე მანდატურებმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარეს. მასწავლებლების თქმით, მოსწავლეებს შორის კონფლიქტი აქამდე არ შეუნიშნავთ.

მომხდართან დაკავშირებით, დაპირისპირებაში მონაწილე მოსწავლეები და მათი მშობლები გამოიკითხნენ. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

მეტის ნახვა