"ენერგო პრო ჯორჯია" მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს - კომპანიის განცხადება

ენერგო პრო

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების სექტორში მომსახურების მიღებაზე განაცხადების ჩაბარება, გარდა ენერგოკომპანიების მომსახურების ცენტრებისა, იუსტიციის სახლებშიც იქნება შესაძლებელი. სიახლით მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლებენ.

კომპანიის ცნობით, მიზანი მომხმარებლებისთვის სერვისების მისაწვდომობის გამარტივებაა.

"იმ მოქალაქეებს, ვისაც აბონენტის დასახელების შესაცვლელად, დავალიანების ან დარიცხული თანხის გადასამოწმებლად, აბონენტის ამონაწერის მისაღებად, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად, მრიცხველის შესამოწმებლად, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის ან შეწყვეტის, ძაბვის ხარისხის შემოსამოწმებლად განცხადების დაწერა ენერგოკომპანიის ოფისებში უწევდათ, ამიერიდან შეუძლიათ უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართონ და ადგილზე შეავსებინებენ შესაბამის განაცხადის ფორმას. 

მომხმარებლის მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი ან შევსებული  განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში გადმოეცემა ენერგოკომპანიებს, რის შემდეგაც განმცხადებლები ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღებენ მათი განაცხადის რეგისტრაციის ნომერს და შემდგომში, ინფორმაციას რეაგირების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ:

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ნომერზე 0322471707 ან ელექტრონულ მისამართზე: info@energo-pro.ge

სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ ცხელი ხაზის ნომერზე 0322472277 ან ელექტრონულ მისამართზე: info@epgeorgiasupply.ge", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა